12.03.2012

 

 

 

 

 

სტუმრობა განახლებულ "ფაზისზე"

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 12 მარტს სტარტი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპმა აიღო. საფეხბურთო სეზონის გადამწყვეტი სტადიის პირველი ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ფოთის ”კოლხეთს” ესტუმრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი იმერულ-კოლხური "რანდევუ" ზესტაფონში უნდა გამართულიყო, მაგრამ იმერეთში "დაბინავებულმა" ზამთარმა ჩემპიონატის ორგანიზატორთა გეგმებში ცვლილებები მაინც შეიტანა. შედეგად, გუნდების ურთიერთშეთანხმებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანხმობის საფუძველზე, ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა ფოთში, სტადიონ "ფაზისზე" გაიმართა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფოთის სტადიონზე ახლადგამოცვლილი საფარის ჩინებული მდგომარეობა. მართალია, "ფაზისზე" კვლავაც მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები, თუმცა არენაზე მაღალი სტანდარტების გაზონის არსებობა ფეხბურთის თამაშს სასიამოვნო საქმედ აქცევს და არა სასჯელად, როგორც ეს უწინ "ყანად" გადაქცეულ სტადიონებზე ხდებოდა. მართალია, დღევანდელი მატჩის მიმდინარეობას სერიოზული კვალი დაატყო ცივმა თოვლნარევმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა, რომელიც წუთითაც არ გაჩერებულა და მეტოქე გუნდებს საკმაო დისკომფორტიც შეუქმნა. და მაინც, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა - უკვე 6-ე წუთზე ფოთელთა დაცვის უყურადღებობით კარგად ისარგებლა თორნიკე გორგიაშვილმა და ზუსტი დარტყმით იმერლები დააწინაურა. პირველი ნახევრის დარჩენილი ნაწილი სტუმართა კარნახით კი წარიმართა, თუმცა ტაიმი მხოლოდ მინიმალური სხვაობით დასრულდა.

ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც სწრაფი გოლით დაიწყეს - მარგველთა სწრაფი შეტევისას ჯაბა დვალი ლადო ნადირაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა და კოლხთა კიპერს შანსი არ დაუტოვა. მალევე ფოთელებს მართებდათ ანგარიშში სხვაობის შემცირება, მაგრამ ზესტაფონელთა მხარეს ერთ ეპიზოდში კარის ძელი აღმოჩნდა, მეორეში კი, როინ კვასხვაძის ბრწყინვალე რეაქციასთან ერთად, მისივე კარის ხარიხა. 71-ე წუთზე ანგარიში სამამდე გაიზარდა - ზაალ ელიავასა და შოთა გრიგალაშვილის მიერ წამოწყებული შეტევა დავით მუჯირზე გადაცემითა და ამ უკანასკნელის თორნიკე გორგიაშვილის მისამართით გაკეთებული ზუსტი პასით გაგრძელდა, თორნიკემ დუბლი მშვიდად გაიფორმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა (ასისტენტობა გოლის ავტორს შოთა გრიგალაშვილმა გაუწია) შეტევის მარცხენა ფლანგიდან ზუსტი დარტყმით დააფიქსირა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გიორგი ჭიაბრიშვილი („ზესტაფონი“): ასეთ ამინდში თამაში რთული იყო. მყვირალა ანგარიშით მოვიგეთ. თუმც, ვფიქრობ, მასპინძლები ასეთ მარცხს არ იმსახურებდნენ, იღბალი ჩვენს მხარეს იყო, ბიჭებსაც არ დაუზოგავთ თავი. ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ.

დავით მახარაძე („კოლხეთი“): მეტოქემ დამსახურებულად მოგვიგო, ოთხი დღის წინ პლეი ოფში თამაში გავინაღდეთ. როგორც ჩანს, ჩვენი ბიჭები სათანადოთ ვერ განეწყვნენ ამ მატჩისთვის, მეტი შეგვეძლო, თანაც ფორტუნა არ გვწყალობდა. დაკარგული არაფერია, ხუთეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.

 

 

12.03.2012 - ”კოლხეთი” - ”ზესტაფონი” 0-4

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 16 მარტს შინ გამართავს. მორიგ იმერულ დერბიში ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დაუპირისპირდება.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005