01.06.2007

 

ჩვენი მეტოქე - ყველაფერი ”ტობოლი”-ს შესახებ ...

 

ფოტო საიტიდან www.fctobol.kostanay.net

ინტერტოტოს თასის გათამაშების პირველ წრეში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქმეს ყაზახურ ”ტობოლ”-თან დაიჭერს. ევროპული საფეხბურთო ოჯახის ახალმოსახლეებთან ბრძოლა იოლი რომ არ იქნება, ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.

”ტობოლი”-ს ღირსებას რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი იცავს, მათ შორის არიან ყაზახეთის ნაკრების წევრები. ის ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგობის დაძლევა 2 წლის წინ საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო. ”ტობოლი” ჩვენთვის ერთგვარი გამოცანაა და ამიტომ ამ გუნდის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ...

საფეხბურთო კლუბი კოსტანაის ”ტობოლი” 1967 წელს დაარსდა. საბჭოეთის ხანაში ეს გუნდი უკიდეგანო ქვეყნის მეორე ლიგის ლაბირინთებში იყო ჩაკარგული. სხვადასხვა დროს ”ტობოლი” გამოდიოდა ”ავტომობილისტი”-ს, ”ენერგეტიკი”-ს და ”ხიმიკი”-ს სახელით. 1995 წლიდან ქალაქ კუსტანაის (კოსტანაი) გუნდს ”ტობოლი” ჰქვია (ტობოლი არის იმ მდინარის სახელწოდება, რომლის ნაპირებზეცაა გაშენებული ქალაქი კოსტანაი). საბჭოთა კავშირის დროს კოსტანაის გუნდმა შესვენებებით 14 სეზონი გაატარა მეორე ლიგაში, ოღონდ იქ განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია... გუნდი საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაშიც ასპარეზობდა. საუკეთესო შედეგი გუნდმა მაშინ აჩვენა, როცა 1/16 ფინალს მიაღწია.

ყაზახები დამოუკიდებელ ჩემპიონატს 1992 წლიდან ატარებენ და ”ტობოლი” თითქმის მუდმივად რჩეულთა შორისაა - სუპერლიგაში გუნდმა 362 მატჩი ჩაატარა:162 მოიგო და 126 მატჩში დამარცხდა...

ყაზახური კლუბი საშინაო ასპარეზზე მეტ-ნაკლები წარმატებებით თამაშობს. 2003-2006 გუნდმა ორჯერ მოიპოვა მეორე ადგილი (ორჯერაც - მესამე) . რაც შეეხება ჩემპიონობას, ამ გუნდისთვის ეს ჯერჯერობით მიუწვდომელი ოცნებაა. 2004 წელს გუნდმა წარმატებით იასპარეზა ინტერტოტოს თასზე, სულ 3 ეტაპი გაიარა (დაამარცხა პოლონური ”პოლონია” და ბელგიური ”სენტ-ტრუიდენი” და დამარცხდა ავსტრიულ ”პაშინგ”-თან). რაც შეეხება უეფა-ს თასს, შერშან გუნდი უშანსოდ დამარცხდა შვეიცარიის მრავალგზის ჩემპიონ ”ბაზელ”-თან (0-0; 1-3) ...

ევროპულ ასპარეზზე გუნდი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ქართულ ფეხბურთთან შეხება ნამდვილად აქვს. ცოტა ხნის წინ ,”ამერ”-ში დამკვიდრებამდე, ამ კლუბში ისინჯებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გივი დიდავა.

ახლა ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატზეც ვიმსჯელოთ. ”ტობოლ”-მა 12 მატჩი ჩაატარა: 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ეს წაგება კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან მწარედ განიცადა, რადგან წლეულს ”ტობოლი” უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას და ჩემპიონობის მოპოვებას ცდილობს. ახლა კოსტანაელები მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ”აქტობე”-ს 5 ქულით ჩამორჩებიან...

გუნდს გამოცდილი სპეციალისტი ტიმურ ურაზოვი თავკაცობს, რომელმაც გუნდის თამაში უფრო თვალსასეირო გახადა და ბევრი ისეთი ფეხბურთელი მიიყვანა, რომლებმაც გუნდი გააძლიერეს.

გუნდი ასეთი ანგარიშგასაწევი ვერ იქნებოდა, რომ არა პრეზიდენტის, ჰალიმზიან ურიჟანოვის თავგამოდება. ის ქალაქის ერთ-ერთი მდიდარი მცხოვრებია და ყაზახეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. რაც შეეხება პრეს-ატაშეს თანამდებობას, ქართველ ჟურნალისტებს ურთიერთობა საირან ბუპეჟანოვთან მოუწევს... გუნდის კაპიტანი და ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ყაზახეთის ნაკრების მოქმედი მოთამაშე, ნურბოლ ჟუმასკალიევია, რომელიც ქვეყბის უპირველესი გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლება.

”ტობოლი”-ში ჩვენთვის საინტერესო და ნაცნობი კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბელორუსული ”ბატე”-ს ყოფილი ნახევარმცველი გარკუშაა, რომელმაც ყაზახეთის მოქალაქეობა მიიღო და მუდმივად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. გუნდის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ს.კ. ”მოსკვა”-ს ყოფილი საყრდენი რუსლან ბალტიევია, რომელიც კარგა ხანი ყაზახეთის ნაკრებსაც კაპიტნობდა. იგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. გუნდში კიდევ ორი ლეგიონერია - 35 წლის ბულგარელი მცველი სტანიმირ დიმიტროვი და 22 წლის რუსი ანდრეი ხარაბარა.

ყაზახეთის ნაკრებში მუდმივად ხვდებიან ”ტობოლი”-ს შემდეგი ფეხბურთელები : ფარხადბეკ ირისმეტოვი, ალექსანდრე ფამილცევი, კაირატ ნურდაულეტოვი, ნურბოლ ჟუმასკალიევი და სერგეი ოსტაპენკო.

როგორც ყაზახური ფეხბურთის სპეციალისტები აღნიშნავენ, გუნდის უძლიერესი სათამაშო რგოლი დაცვაა, ”ტობოლი” ძალიან ცოტა გოლს უშვებს. გუნდი კოსტანაის ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს, რომელიც 8 320 ქომაგს იტევს ...

”ტობოლი”-ს მთავარ მწვრთნელს, ტიმურ ურაზოვს (სტატიის ავტორი -ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი” , 28.05.2007) რამდენიმე კითხვა დავუსვით :

- იცით თუ არა, რომ საქმის დაჭერა ”ზესტაფონ”-თან მოგიწევთ?

- არა, ეს ახლა გავიგე. არ ვიცი, რა გუნდია, რას უნდა ველოდოთ მისგან ...

- მიზანი?

- მიზანი გამარჯვებაა, ორმატჩიან დუელში წარმატება. მით უმეტეს, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი ახლა მიმდინარეობს და ცუდ ფორმაში არ ვართ.

- თქვენი გუნდის სიძლიერე რაში მდგომარეობს?

- ალბათ იმაში, რომ გამოცდილი გუნდი გვყავს. სტანდარტულ სიტუაციებს კარგად ვასრულებთ ...

- თქვენი მაქსიმუმი რა არის ინტერტოტოზე?

- ჯერ მხოლოდ პირველ მეტოქეზე ვიფიქრებთ. ”ზესტაფონ”-ს თუ მოვუგეთ, მერე ჩეხურ კლუბს ( ლიბერეცის ”სლოვან”-ს) დაველოდებით ...

 

გაზეთი ”ოლიმპი
   
FC ZESTAFONI © 2005