03.07.2009

 

 

წარმატებული სტარტი ევროპის ლიგაში.

 

 

2009 წლის 2 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა 2009-2010 წლების ევროპის ლიგის გათამაშების სასტარტო შეხვედრა. იმერელთა დებიუტი ახალ ევროტურნირში ძალიან წარმატებული გამოდგა - ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძელი ”ლისბერნი” 5-1 გაანადგურეს ...

შეხვედრა, რომელიც ბელფასტიდან 40 მილის მოშორებით მდებარე ქალაქ ლურგანის ”მურნევიუ პარკზე” სტადიონზე გაიმართა, ზესტაფონელთა ბენეფისად იქცა. მატჩის დაწყებისთანავე, ქართველებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და უკვე 9-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდევ - შოთა გრიგალაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბრიტანელთა გოლკიპერმა პოლ მერფიმ ბურთი ხელში ვერ შეიკავა, დამატებაზე კი ყველას ნიკა გელაშვილმა დაასწრო. შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და 21-ე წუთზე, იგივე პოზიციიდან, ისევ შოთა გრიგალაშვილის დარტყმული საჯარიმო უკვე პირდაპირ მასპინძელთა კარში აღმოჩნდა. 33-ე წუთზე ნიკა გელაშვილმა დუბლი გაიფორმა - ფორვარდმა მშვენივრად შეირგო ირაკლი ძარიას გამოზომილი გადაცემა და ანგარიში დიდამდე გაზარდა. ნიკა გელაშვილს არც შოთა გრიგალაშვილი ჩამორჩა და 37-ე წუთზე თავადაც დუბლის ავტორად მოგვევლინა. საინტერესოა, რომ ეს ბურთიც შეტევის მარცხენა ფლანგიდან შოთას შეტევაში ჩართვასა და გამოზომილ დარტყმას მოჰყვა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი თორნიკე აფციაურმა გახადა - 52-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, გოლის ავტორს საგოლე პასი ისევ ირაკლი ძარიამ გაუკეთა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოახერხეს, 87-ე წუთზე გატანილი გავინ უილანის პრესტიჟის გოლი გახლდათ.

ევროტურნირებში ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება დიდი ანგარიშით და უსერიოზულესი განაცხადი შემდეგ წრეში გასასვლელად - 5-1.

ევროპის ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ”ლისბერნ დისტილერის” წინააღმდეგ ”ზესტაფონი” მშობლიური ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე 9 ივლისს გამართავს ...

 

02/07/2009 - ”ლისბერნი” (ლისბერნი, ჩრ. ირლანდია) - ”ზესტაფონი” - 1-5

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005