Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 
   
ქალაქ ზესტაფონის ნაკრები”, 1923 წელი

ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა ”კომეტა”. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ ”ბურთაობაში” ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.

 

”მეტალურგი”, 1937 წელი

რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.

 

ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).

 

პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.

 

”მეტალურგი”, 1948 წელი

20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.

1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.

30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი - ”მერცხალი” და ”ლოკომოტივი”, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

 

მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი,

საქართველოს თასის მფლობელი ”მეტალურგი”, 1962 წელი

რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა ”მეტალურგი”.

 

1938 წლის აგვისტოში ”მეტალურგი” მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება ”მეტალურგი”-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის ”ელექტროსტალის”, სტალინგრადის ”კრასნი ოქტიაბრის”, ლენინგრადის ”მეტალურგის” გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება ”სერპ ი მოლოტი”-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის ”მეტალურგი” ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.

 

სხვადასხვა წლებში”მეტალურგი” გახლდათ:

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 1967, 1970, 1982 წლებში;

საქართველოს ვიცე - ჩემპიონი, ”მეტალურგი”, 1970 წელი

საქართველოს თასის ფინალისტი - 1966, 1967, 1971 წლებში;

საქართველოს თასის მფლობელი - 1962 წელს.

 

ზესტაფონის ”მეტალურგში” აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:

თბილისის ”ლოკომოტივი” - გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე;

ქუთაისის ”ტორპედო” - გურამ ნიშნიანიძე;

თბილისის ”დინამო” - გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ქართლოს ცინცაძე, ნოდარ კიკნაძე .

 

”მარგვეთი”
საქართველოს ვიცე - ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს.კ. ”მარგვეთი” ,1996 წ.

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.

 

1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”მარგვეთი”, რომელიც იკავებს ”მეტალურგის” ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში ”მარგვეთი” საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს ”მარგვეთი” ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.

 

საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი ”
”მეტალურგი”, 2000 წელი

სულ, 1991-1998 წლებში ”მარგვეთმა” მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ - 43, დამარცხდა - 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443.

 

1999 – 2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც ”მარგვეთის” ბედი ეწია.

 

2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი ”

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველივე წლებში ეროვნულ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. არსებობის პირველივე წლებში იმერული კლუბი ერთხელ V, სამჯერ IV და ორჯერ III ადგილებს იკავებს და ხუთჯერ (2005-2008 და 2012 წლებში) მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

 

2007-2008 და 2009-2010 სეზონებში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს, 2008 წლის 16 მაისს ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს. მარგველთა უდიდესი გამარჯვებები კი მეშვიდე და მერვე სეზონებმა მოიტანეს - 2011 წლის 14 მაისს კლუბის ისტორიაში პირველად ზესტაფონელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2012 წელს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული შეინარჩუნეს. "ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის 2011 და 2012 წლის გათამაშებების გამარჯვებულია. 2013-2014 წლების სეზონი კლუბმა საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

 

ეროვნული თასის ფინალისტი - 2005
ეროვნული თასის ფინალისტი - 2006
ეროვნული თასის ფინალისტი - 2007
ბრინჯაოს მედლების მფლობელი - 2008
ეროვნული თასის მფლობელი - 2008
ბრინჯაოს მედლების მფლობელი - 2010
საქართველოს ჩემპიონი - 2011
სუპერთასის მფლობელი - 2011
ეროვნული თასის ფინალისტი - 2012
საქართველოს ჩემპიონი - 2012
სუპერთასის მფლობელი - 2012
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - 2014

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 -2015