27.06.2012 
            
            
            
            
            
            
            
          ინტერვიუ ილია კოკაიასთან   
            
            
            
            
            
            
            
            
            
           
          ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრის შემდეგ აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა azerisport.com-მა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტთან, ილია კოკაიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.  
            
          ქართული კლუბის მფლობელს კითხვები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონისა" და ბაქოს "ნეფთჩის" მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაუსვეს.  
            
            
          - წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" დაგაპირისპირათ...  
            - ბრწყინვალეა! ბაქო ახლოსაა - ჩამოვალთ, ვითამაშებთ და შინ დავბრუნდებით. არავითარი ხანგრძლივი ფრენა, გრაფიკი და სავიზო პრობლემა არ შეგვაწუხებს. ასე რომ, თან ვითამაშებთ და თან "გავისეირნებთ"! 
            
          - ანუ აზერბაიჯანის ჩემპიონთან დაპირისპირებამ გაგახარათ?  
            - ჩვენთვის მეტოქე გუნდების სახელები არაფერს ნიშნავს. ამ ეტაპზე სუსტი გუნდები ისედაც არ არის.  
            
          - რას იტყვით "ნეფთჩიზე"?  
            - ამ კლუბზე ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა ვიცი, რომ "ზესტაფონისგან" განსხვავებით, საბჭოთა კავშირის დროს "ნეფთჩი" სსრკ-ის ჩემპიონატში გამოდიოდა.  
            
          - გასულ სეზონში თქვენი გუნდი ახლოს იყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან. ამჯერად "ნეფთჩისთან" "ზესტაფონის" შანსებს როგორ აფასებთ? 
            - შანსებს ყოველთვის ჩვენთვის სასარგებლოდ ვაფასებთ. შესაბამისად, "ზესტაფონი" ამ წყვილში ფავორიტია! ეს წილისყრამაც აჩვენა - ჩვენ ხომ განთესილთა კალათაში ვიყავით.  
            
          - ის, რომ პირველ მატჩს ბაქოში გამართავთ, თქვენთვის მომგებიანია?  
            - ამ შემთხვევაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთი ეგაა, "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის სიტყვები არ მომეწონა, რომელმაც თქვა, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიგვიღებენ.  
          რატომ ხელოვნური საფარი - ჩემთვის გაუგებარია. ის ხომ ცუდია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ საერთოდ ფეხბურთისთვის.  
          წარმომიდგენია, რა იქნება სინთეტიკაზე 40-გრადუსიან სიცხეში თამაში.  
            
          - თქვენს გუნდს მიზნად რა დაუსახეთ?  
            - გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ვაპირებთ, ჩვენ მიზანი კი - ჩემპიონთა ლიგის მოგებაა! 
             |