Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნითი მატჩი

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 19 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნითი, რიგით ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

 

შეხვედრის საწყისი მონაკვეთი გუნდებმა ინიციატივის დაუფლებისათვის ბრძოლაში გაატარეს. მართალია, ბურთს უფრო ხშირად ზესტაფონელები აკონტროლებდნენ, თუმცა მეტოქეთა კართან განსაკუთრებული ხიფათის შექმნას სტუმრები ვერ ახერხებდნენ. 33-ე წუთზე ანგარიში ისეთ სიტუაციაში გაიხსნა, რომელიც განსაკუთრებულ ხიფათს თითქოს არ მოასწავებდა - ზესტაფონელთა ნახევარზე დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომლის შესრულებაც თავის თავზე ალექსანდრე გოგობერიშვილმა აიღო და ბურთი ბოიან პავლოვიჩის კარში ისე გადაგზავნა, რომ მას გზად არავინ შეხებია...

 

იმერლები გააქტიურდნენ და 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს - ამჯერად უკვე მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზუსტად რევაზ გეწაძემ შეასრულა. პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი "ზესტაფონმა" შეტევებში გაატარა, მომენტებიც შექმნა და ანგარიშის სათავისოდ შეცვლაც შეეძლო, თუმცა გადამწყვეტი დარტყმებისას თედო გრიგალაშვილი და გიორგი ჭანკოტაძე სიზუსტემ დააღალატა.

 

მეორე ტაიმში “ზესტაფონმა” დიდი ძალებით შეუტია მეტოქის კარს და მალევე გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ ბოლნისელთა გოლკიპერმა მირზა მერლანმა საკუთარი გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა. იქვე მიზანს ოდნავ ააცილა ლევან შარიქაძემ, ხოლო მერლანმა კიდევ ორჯერ იყოჩაღა და ჯერ ვახტანგ ჭანტურიშვილს, მერე კი დიმიტრი ტატანაშვილს არ გაატანინა.

 

პირველი ტაიმის მსგავსად, "სიონი" საკუთარ შანსს სტანდარტებსა და სწრაფ კონტრაქციებში ეძიებდა. ერთ-ერთმა ასეთმა კონტრიერიშმა დღევანდელი მატჩის ბედიც გადაწყვიტა - 75-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძესთან ორთაბრძოლისას საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი ლევან შარიქაძემ დაარღვია და ალექსანდრე გოგობერიშვილმა სტუმართა კარში დანიშნული 11-მეტრიანი გოლად აქცია. დარჩენილ დროში იმერლები ბევრს კი ეცადნენ, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ბოლნისელთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

 

19.04.2014. ”სიონი” (ბოლნისი) - ”ზესტაფონი” 2-1

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური მადლობას უხდის გიორგი ჯიქიას (Geosports.ge) ფოტომასალის მოწოდებისთვის!
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014