Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

სპარტაკი VS ზესტაფონი - ღია და სანახაობრივი თამაშის მოლოდინში

 

 

 

 

 

 

 

 

24 ივლისს, საღამოს, თბილისის დროით 21:30 საათზე, სლოვაკეთის ქალაქ ზლატე მორავცეში, "ზესტაფონი" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ტრნავის "სპარტაკს" შეხვდება და შემდგომ ეტაპზე გასვლას შეეცდება...

ნაცადი 4-4-2?
ზესტაფონელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სლოვაკეთში 20 ფეხბურთელი იახლა. გვაქვს იმედი, რომ ეს ოცეული ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა ზესტაფონური 0:0-ის შემდეგ მოიგოს ან შედეგიან ფრეს მაინც გამორჩეს, რაც ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მაუწყებელი იქნება.

"ზესტაფონის" თავკაცი სასტარტო შემადგენლობას ამ ფეხბურთელებიდან შეარჩევს:

მეკარეები: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი;
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, თევდორე გრიგალაშვილი;
ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე, გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, რევაზ გეწაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა გვალია;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი ფანცულაია, დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე კაპანაძე, ბექა ტუღუში.

ზესტაფონელები ქალაქ ზლატე მორავცეს კომფორტულ სასტუმრო "ტარტუფში" ცხოვრობენ, საიდანაც სტადიონ "ვიონამდე" 15 წუთის სავალია. ნიკოლოზ გელაშვილს ბოლო წუთამდე "ტორპედოსთან" საკონტროლო მატჩში ნატკენი ფეხი აწუხებდა, თუმცა დღეს ის მაინც ითამაშებს.

გია გეგუჩაძე, ალბათ, მრავალნაცად 4-4-2 ტაქტიკურ სქემას აირჩევს. რაც ის მეორედ მივიდა "ზესტაფონში", ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გუნდს სხვა განლაგებით არ უთამაშია.

ტრნაველთა გასაჭირი
"სპარტაკის" სადღეისო ყოფას იდეალური ნამდვილად არ ეთქმის. ჯერ ერთი, გუნდი მშობლიურ სტადიონზე ვერ თამაშობს, რადგან რეკონსტრუქციის პროცესშია და ზლატე მორავცეს მთავარ არენაზეა შეხიზნული; და მეორე ფაქტორი - მალტურ "ჰიბერნიანსთან" მატჩისას "სპარტაკის" ფანებმა მეტოქის შავკანიან მოთამაშეებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მსაჯს და მეტოქეს ობსტრუქცია მოუწყვეს, აკრძალული ბანერებიც აფრიალეს, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ დღეს სტადიონზე "სპარტაკის" ორი ფანსექტორი ცარიელი იქნება;

მესამეც ვთქვათ - სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "დუნაისკა სტრედასთან" ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში ტრავმები მიიღეს ნახევარდაცვის ლიდერებმა - კამილ კუზმამ და ერიკ საბომ.

როგორ დაუსტვენს თურქი ინჟინერი?
ზლატე მორავცეში გასამართავ შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. არბიტრი 34 წლის სტამბოლელი მეტე კალვაკანი იქნება. პროფესიით ინჟინერმა კალვაკანმა პროფესიულ დონეზე მსაჯობა 2012/13 წლების სეზონიდან დაიწყო. მას უმსაჯია ევროპის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატზე, ევროპალიგისა და თურქული სუპერლიგის შეხვედრებში.

კალვაკანის ასისტენტები იქნებიან სერკან ოკი და ჩეიხუნ სესიგუზელი, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი ტაიფურ ოზქანი შეასრულებს. უეფას დელეგატი იქნება ბერძენი ევანგელოს მაცარაკისი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - ინგლისელი ნილ ბერი.

7 და 10 ევროდ...
ზლატე მორავცეში გასამართავ მატჩზე დასწრება, ევროპული ფასების გათვალისწინებით, მაინცდამაინც ძვირი არ ღირს. სტადიონზე მოხვედრის მსურველმა 7 ან 10 ევრო უნდა გადაიხადოს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე "სპარტაკის" გულშემატკივრებმა რამდენიმე გამამხნევებელი აქცია მოაწყვეს და თანაქალაქელებს მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდეს. ელიან, რომ ტრნავიდან ზლატე მორავცეში "სპარტაკის" საგულშემატკივროდ დაახლოებით 3-5 ათასი ქომაგი ჩავა.

ცხადია, მათ ზლატემორავცელი ფანებიც დაემატებიან და ზესტაფონს სპარტაკელთა "მეთორმეტე მოთამაშესთანაც" მოუწევს ბრძოლა.

რეპორტაჟი საიტზე
არც ერთი ქართული ტელეარხი თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს არ გადასცემს, რაც, ბოლოდროინდელი ტრადიციიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის.

წესით, ინტერნეტში შეხვედრის პირდაპირ ეთერში სანახავი ბმულის მოძიება პრობლემა არ უნდა იყოს. ამას გარდა, "ზესტაფონის" პრესსამსახური სლოვაკეთიდან პირდაპირი რეპორტაჟის მოწყობას აპირებს.

დაინტერესებულ გულშემატკივარს ამ მისამართზე შეეძლება სლოვაკური ბატალიების ნახვა: fczestafoni.ge. ლაივ-სტრიმის საიტზე განთავსებას შეეცდება sportall.ge-ც.

 

გია გეგუჩაძე: 0:0 ჩვენთვის მისაღები არ იყო
"ზესტაფონმა" ზლატე მორავცეს მთავარ არენაზე ვარჯიში 20:30 საათზე დაიწყო და ერთ საათზე მეტხანს გააგრძელა.

ამის შემდეგ მარგველთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ სლოვაკური მედიის (და ჩვენიც) ცნობისწადილი დააკმაყოფილა:

- საინტერესოა, შეცვლით თუ არა იმ შემადგენლობას, რომელიც ზესტაფონში ათამაშეთ?
- თამაშამდე ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი. ყველაფერს ხვალინდელი საღამო გვიჩვენებს.

- "ზესტაფონის" ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?
- დიახ, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი შეხვედრისთვის გეგმის მიხედვით ემზადება.

- მისაღები იყო თუ არა თქვენი გუნდისთვის პირველი, საშინაო მატჩის შედეგი - უგოლო ფრე?
- ცხადია, ეს არ იყო ჩვენთვის მისაღები შედეგი. გვქონდა მომენტები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. შანსები ჰქონდა "სპარტაკსაც".

- რას ელით ხვალინდელი მატჩისაგან?
- ვიცი, რომ რთული თამაში იქნება. ველი ღია, სანახაობრივ ფეხბურთს. მჯერა, სწორედ ასეთ თამაშს იხილავს სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი.

რაც შეეხება "ზესტაფონის" ამოცანას, ჩვენი მიზანი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა.

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014