Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.09.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ბოლოსწინა წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ქობულეთის საფეხბურთო კლუბ ”შუქურას” უმასპინძლა.

 

დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში სტუმართა გოლკიპერის რეაქცია შორიდან დარტყმებით ლევან შარიქაძემ და ლაშა გვალიამ მოსინჯეს (მეკარე თეიმურაზ კაკალაძემ ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა), შემდეგ კი შორიდან მახვილგონივრული დარტყმით გიორგი ჭანკოტაძე ცდილობდა გატანას, თუმცა მის ამ მცდელობას სიზუსტე დააკლდა...

 

ანგარიშის გახსნა ზესტაფონელებმა 30-ე წუთზე მოახერხეს - ჭანკოტაძე-სარდალიშვილის კარგ კომბინაციას დროული გაგრძელება მოუძებნა გიორგი ილურიძემ, რომელიც ქობულეთელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონელთა რიგებში სულ რამდენიმე კვირის წინ მოსულმა გიორგიმ თავის გამოჩენა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა...

 

ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. თამაშის განახლებისთანავე ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი მიეცა ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელიც საწადელის მიღწევას შორიდან მოჭრილი დარტყმით ცდილობდა, თუმცა მასპინძელთა ნახერვამცველის დარტყმული "შუქურას" კარის ბადეს გარედან მოხვდა...

 

ამასობაში ქობელეთელებიც გააქტიურდნენ და ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში თამაშში ჩართვა და საკუთრი გუნდის გადარჩენა უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერ ბოიან პავლოვიჩს მოუხდა - მარგველთა კარის დარაჯმა მასთან პირისპირ გასულ გიორგი ჩელებაძეს არ გაატანინა.

 

სტუმრები მატჩის გადარჩენას შეეცადნენ და ბედმა მათ მატჩის ბოლოსწინა 89-ე წუთზე გაუღიმა - ქობულეთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტი კარგად გაითამაშეს და ლაშა ჩალაძემ ანგარიში საყაიმო გახადა. ფრე - 1-1.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

ამირან გოგიტიძე (“შუქურა”) –“ ორივე გუნდს შეეძლო თამაშის მოგება. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე ფორვარდი და ფლეიმეიქერი შევუშვით, რამაც გაამართლა. ამასთანავე, ვცდილობდით უკან ყურადღებით გვეთამაშა. მეორე ტაიმში ვიგრძენით, რომ მოწინააღმდეგეს ის ძალა და ენერგია აღარ ჰქონდა”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”) – “ სამწუხაროდ, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების. მეორე ტაიმში მათ სათანადოდ ვერ ითამაშეს. როგორც ჩანს, წინა ტურში “შუქურას” დიდი ანგარიშით წაგებამ იმოქმედა. ბოლოს კი დასანანი გოლი გავუშვით”.

 

 

 

20.09.2014. ”ზესტაფონი” - ”შუქურა” 1-1

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014