Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"პრივატბანკი" "ზესტაფონის" სპონსორი გახდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სპონსორი უკრაინული “პრივატბანკი” გახდა. 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩვენი კლუბის თბილისის ოფისში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა და “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, “ზესტაფონი” ბანკისაგან სასპონსორო დახმარებას მიიღებს, ხოლო თავად კლუბი “პრივატბანკს” რეკლამას გაუწევს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, თასის გათამაშებისა და ევროპული საკლუბო ტურნირების შეხვედრებში.

 

ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონიამ, რომელსაც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ბატონი ილია კოკაიაც ესწრებოდა, ქართული მედიის მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია - კლუბის ოფისში გამართულ ღონისძიებას ქართული ტელევიზიების გადამღები ჯგუფები და სპორტზე მწერალი ჟურნალისტები მრავლად დაესწრნენ.

 

* * *

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ილია კოკაიას აზრით, უკრაინული “პრივატბანკის” მიერ იმერელთა სპონსორობა ქართულ ფეხბურთს გაჭირვების დროს წაადგება.

 

ამის შესახებ მან, 22 ოქტომბერს, ზესტაფონელთა ოფისში “ზესტაფონსა” და “პრივატბანკს” შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს განაცხადა. კოკაია უშუალოდ ღონისძიებას დაესწრო, ხოლო კონტრაქტს ხელი “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და საქართველოში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა მოაწერეს.

 

ილია კოკაია: “ადრეც დაანონსებული იყო, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” სპონსორობას “პრივატბანკი” გაუწევდა. სასიამოვნოა, რომ ეს ბანკი ქართულ ფეხბურთს გაჭირვების დროს გვერდით დაუდგება...”

 

-რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი?

- კონტრაქტში დიდი პირობები არაა ჩადებული. “პრივატბანკი” გარკვეულ თანხას გადაიხდის, ხოლო ჩვენ რეკლამას გავუწევთ ეროვნულ ჩემპიონატსა თუ ევროთასებზე.

 

- “ზესტაფონის” ერთადერთ დამფინანსებლად კვლავ თქვენ რჩებით?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩემს გარდა “ზესტაფონს” პატრონი არ ჰყავს. თუ ვინმე გამოჩნდება, თანმდებობას სიამოვნებით დავუთმობ. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ფეხბურთი რომ ძლიერი იყოს, სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. სახელმწიფოს ფეხბურთით დაინტერესება ჯერ ვერ მოვახერხეთ.

 

პრესას ვეცნობი და უკვე გამოჩნდა კომენტარები, რომ რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ ფეხბურთი და არა რაგბი. ჩვენთვის ეს შეურაცხმყოფელია და სილის გაწნას ჰგავს. მთელი ცხოვრებაა ქართულ ფეხბურთში ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომ პოპულარობით საქართველოში სპორტის სხვა სახეობამ ფეხბურთს აჯობოს. თუმცა, რაგბს არაფერს ვერჩი.

 

იური კანდაუროვი: “ჩვენ დიდი ხანია პარტნიორები ვართ. გვინდა “ზესტაფონს” მხარი დავუჭიროთ. ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორები წარსულში “პრივატბანკის” თანააქციონერები იყვნენ. ამასთანავე, ზესტაფონში შვილობილი კომპანია გვაქვს (“ფეროშენადნობთა” ქარხანა). “ზესტაფონსა” და “დნიპროს” დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ (“პრივატბანკი” “დნიპროს” მთავარი სპონსორია).

 

- მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა არის?

- პერსპექტივა ყოველთვისაა...

 

-“ზესტაფონის” უახლოეს თამაშზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?

- საშუალება თუ მექნება გუნდის თამაშს დავესწრები.

 

მიხეილ ხუციშვილი: “პრივატბანკთან” წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ და კმაყოფილი ვართ. ახლა ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა და ბანკი კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა. ერთწლიანი კონტრაქტი დავდეთ და ვფიქრობ, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგება”.

 

- კიდევ ხომ არაა მოსალოდნელი სხვა სპონსორების მოძიება?

- ამ საკითხზე ვმუშაობთ. ტექნიკური სპონსორის მოძიება გვინდა.

www.worldsport.ge

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014