Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.10.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ზედიზედ მეხუთე ფრე

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის დასვნითი შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” უმასპინძლა.

 

ზესტაფონში გასამართ შეხვედრას, რომელშიც ქვეყნის ორგზის ჩემპიონები მარტვილის “მერანს” მასპინძლობდნენ, თავისებური ინტრიგა ახლდა - შეძლებდა თუ არა იმერული კლუბი ზედიზედ ოთხჯერ ნათამაშები ფრის შემდეგ გამარჯვებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “დავით აბაშიძეზე” ზესტაფონელებს ამ ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ. შესაბამისად, “ფეროელები” მათთვის უჩვეულო, მეთორმეტე ადგილზე არიან.

 

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. მოწინააღმდეგენი ქარიანი ამინდის მიუხედავად საკმაოდ სწრაფად მოქმედებდნენ, მაგრამ სადებიუტო წუთებში ერთმანეთის კართან გუნდებმა დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნეს, შემდეგ კი უპირატესობას “ფეროელები” დაეუფლნენ.

 

პირველი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით ჭანტურიშვილმა განახორციელა, რომელიც მარტვილელთა კიპერმა მამალაძემ მუშტებით კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულიდან ბურთი შარიქაძემ მოაწოდა, რომელსაც თავი რენე ფერეირამ დაჰკრა, მაგრამ ბრაზილიელი ლეგონერის მცდელობა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თითქმის მაშინვე მამალაძის საიმედოობა ილურიძემ შეამოწმა საჯარიმოს ხაზიდან მოჭრილი დარტყმით, მაგრამ მეკარე ბურთს სწორ ადგილზე დაუხვდა და იოლად დაეუფლა.

 

მასპინძელთა მიერ ზედიზედ განხორციელებული შეტევების შემდეგ, მარტვილელები უფრო ყურადღებით ათამაშდნენ მოედნის შუაგულში და მათ ნახევარზე იმერთა აქტიურობამაც იკლო. უფრო მეტიც - 30-ე და 32-ე წუთებზე სტუმრებმა სახიფათოდ შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს.

 

პირველი მომენტი “მერანის” ფეხბურთელებს კუთხურის ჩაწოდების შემდეგ შეექმნათ, როდესაც კიკნაველიძის ჩაწოდებულს თავურით ორბელაძე შეწვდა. ბურთი ზესტაფონელთა კარის მარცხენა კუთხეში უნდა შეგორებულიყო, მაგრამ ბოიან პავლოვიჩმა დიდებული ნახტომით შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.

 

მეორე შემთხვევის გმირი ისევ ბალკანელი მეკარე გამოდგა, რომელმაც ჩიმაკაძის უძლიერესი დარტყმა კუთხურზე გადააგდო. ამ შემთხვევაში მარტვილელთა შემტევ ნახევარმცველს გადაცემა მკერდით ციცხვაიამ გაუკეთა, ხოლო თავად ჩიმაკაძემ ცაციათი ეფექტურად და ზუსტად დაარტყა, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, პავლოვიჩი შეუცდომელი იყო.

 

ტაიმის დასკვნითი ნაწილი ისევ მასპინძლებმა ჩაატარეს აქტიურად. აღსანიშნავია ჭანკოტაძის თავური დარტყმა ხელსაყრელი პოზიციიდან, რომელიც მამალაძის იოლი ნადავლი გახდა. შემდეგ კი “ფეროელებს” მცირედი დააკლდათ გატანამდე, როდესაც ილურიძემ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა და გადაცემა სარდალიშვილის მისამართით გააკეთა, მაგრამ იმერთა შემტევი ნახევარმცველი ბურთს ვერ შეეხო და სახიფათო მომენტიც განიმუხტა.

 

თამაშის განახლებისთანავე მასპინძლებს მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი დარტყმის საშუალება მიეცათ, როდესაც “მერანის” მეკარემ და მცველებმა შეცდომა დაუშვეს. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ დვალმა მოჭრილი დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. ცოტა ხანში ზესტაფონელების მიერ ჩაწოდებული საჯარიმო მამალაძემ ხეირიანად ვერ მოიგერია და თედორე გრიგალაშვილს მიეცა კარგი შანსი, მაგრამ მისი თავური მეტოქის კარის ხარიხას ზემოდან გადაევლო.

 

57-ე წუთზე სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. შესვენების შემდეგ გამოსულმა წურწუმიამ მოედანზე შემოსვლიდან 12 წუთის განმავლობაში, უხეშობის გამო, ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და არბიტრმაც მოედანი დაატოვებინა.

რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა დიდი მონდომებით შეუტიეს მეტოქის კარს. მე-60 წუთზე სარდალიშვილის ფლანგური ჩაწოდება თავურით, კარში დარტყმით დვალმა დაასრულა, მაგრამ მამალაძეს ისევ სწორი პოზიცია ეკავა და ბურთსაც დაეუფლა.

 

“ზესტაფონის” დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე კაპანაძე და ფანცულაია შეუშვა, რის შემდეგაც თამაშის ბოლომდე მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს. შემდეგი დარტყმები მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა განახორციელეს. ჯერ კაპანაძის თავური დარტყმა აცდა მეტოქის კარს, ხოლო შემდეგ ფანცულაიას დარტყმული მამალაძემ მუშტებით მოიგერია.

 

71-ე წუთზე მარტვილელთა კარის დარაჯი ისევ დამაჯერებელი გახლდათ, როდესაც შარიქაძის უძლიერესი დარტყმა კუთხურზე მშვიდად გადააგდო. ცოტა ხანში ზესტაფონელთა ნახევარმცველი ისევ შორიდან დაემუქრა “მერანის” დასაცავ ობიექტს, მაგრამ ამჯერად მას მიზანმა მცირედით უმტყუნა.

 

რამდენიმე წუთში კაპანაძემ ვარდნაში დაარტყა მარტვილელთა კარისკენ, თუმცა ბურთს ორბელაძე შეეხო და კუთხურზე გადავარდა. ეს გათამაშება შარიქაძის გამოზომილი დარტყმით დასრულდა, თუმცა მამალაძემ ისევ საიმედოდ ითამაშა და ბურთს ნახტომში დაეუფლა.

 

81-ე წუთზე მასპინძლები ისევ ახლოს იყვნენ გატანასთან, მაგრამ რენე ფერეირას დარტყმული ამჯერად ხარიხამ უკუაგდო, რომლის შემდეგაც ბურთი ერთ-ერთ მარტვილელს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. სტანდარტული მდგომარეობა კაპანაძის თავურით დასრულდა, ბურთს მამალაძე ნახტომში დაეუფლა.

 

ზესტაფონელების იერიშებს და მათ უიღბლობას ბოლო არ უჩანდა. 88-ე წუთზე ჯაბა დვალმა ითამაშა ჩინებულად, მოწინააღდეგის საჯარიმოში ორი მეურვის ჩამოშორების შემდეგ შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა. ბურთი მამალაძემ უკუაგდო, დამატებაზე კი კაპანაძემ სცადა გატანა, მაგრამ მას მცველები და მეკარე ერთდროულად გადაეღობნენ. მესამედ დამატება გრიგალაშვილმა სცადა ახლო მანძილიდან, მაგრამ მისი დარტყმა აცდა მიზანს.

 

არბიტრმა ტაიმში მთელი რიგი შეჩერებების გამო 6 წუთი დაამატა, რომლის დროსაც ყველაზე დასამახსოვრებელი კაპანაძის შორეული დარტყმა იყო, ბურთს მამალაძე ისევ მშვიდად დაეუფლა. საბოლოოდ, უდიდესი უპირატესობის მიუხედავად “ზესტაფონმა” გატანა ვერ შეძლო და შესაბამისად, ისევ ვერ მოიგო - 0-0.

 

www.worldsport.ge

 

26.10.2014. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მერანი) 0-0

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014