Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა სათასო ბატალიების ისტორია

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, 17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩაერთვება - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩვენი გუნდი მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" წინააღმდეგ გამართავს.

 

ივანწმინდაში გასამართი შეხვედრით ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში სტარტს მეთერთმეტედ აიღებენ. საინტერესოა, რომ წინა 10 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ (2007-2008 წ.) გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებას, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალური, 2-ჯერ მეოთხედფინალური და ამდენივეჯერ მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

 

დღიდან შექმნისა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში გამართული აქვს 67 მატჩი, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 14 დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 123-50 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

 

ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში იმერლებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი) თბილისის "ამერთან", ბათუმის "დინამოსთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).

 

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - სადღეისოდ საუკეთესო შედეგის მფლობელი გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო გრიგოლ იმედაძეს, ნიკა კვასხვაძესა და ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 6-6-ჯერ აქვთ შერხეული.

 

რაც შეეხება ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურასთან" ორშაბათს გასამართ შეხვედრას, ის 14:00 საათზე დაიწყება.

 

16.05.2008. პირველად კლუბის ისტორიაში "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მფლობელია
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014