Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.12.2014

 

 

 

 

 

 

 

 

უგოლო ფრე ზუგდიდში

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 7 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეთხუთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდის ”ბაიას” ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" დაუპირისპირდა. მატჩი დასრულდა ფრედ 0-0.

 

იმერლებს დღევანდელ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი აკლდათ - ნახევარმცველმა ლევან შარიქაძემ ზუგდიდში გამართული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ხოლო გიორგი ხიდეშელი თანაგუნდელებს რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარა... მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ პატივი ვეტერანი ფეხბურთელის გივი ხოჭოლავას ხსოვნას მიაგეს...

 

შეხვედრის სადებიუტო ნაწილიდან მოყოლებული სტუმრები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ზესტაფონელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს - ჯაბა დვალისა და გიორგი ილურიძის სახიფათო, მაგრამ არაზუსტი მცდელობების შემდეგ, პარტნიორის ზუსტი გამჭოლი გადაცემის შემდეგ ეს უკანასკნელი ზუგდიდელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გიორგის დარტყმის მოგერიება და სიტუაციის განმუხტვა "ზუგდიდის" მეკარე რევაზ თევდორაძემ და მისმა თანაგუნდელებმა საერთო ძალისხმევით შეძლეს.

 

იმერლებმა შეხვედრის მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს - გოლის გატანათან ახლოს ჯერ ჯაბა დვალი გახლდათ, შემდეგ კი მასპინძელთა მეკარე თორნიკე გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმას გაუმკლავდა. რაც შეეხება ზუგდიდელებს, ისინი თავის შანსის მოძებნას სტანდარტული მდგომარეობიდან და სტუმართა საჯარიმოს ფარგლებს გარედან განხორციელებული დარტყმებით ცდილობდნენ.

 

ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მასპინძლებს 72-ე წუთზე მიეცათ - ზუგდიდელთა ერთ-ერთი კონტრიერიშისას, არბიტრმა ლაშა სილაგავამ, ზუგდიდელი ლაშა კუკავას და ზესტაფონელი რენე ფერეირა დოს სანტოსის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ძალისმიერი ორთაბრძოლის ეპიზოდში ბრაზილიელი ლეგიონერის მოქმედებაში წესის დარღვევა აღმოაჩინა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. წერტილიდან დარტყმის შესრულება "ზუგდიდის" კაპიტანმა შოთა ლომიამ ითავა, თუმცა ბოიან პავლოვიჩმა პენალტის მოგერიება მშვენიერ ნახტომში მოახერხა.

 

ამის შემდეგ მარგველებმა მასპინძლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და მეტოქის ნახევარზე საფინალო სასტვენამდე "დასახლდნენ". მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნას იმერლებიც ითხოვდნენ - "ზუგდიდის" კართან მორიგი კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, რევაზ თევდორაძის კარში უძლიერესად დაარტყა თორნიკე გრიგალაშვილმა, თუმცა მისი დარტყმული საკუთარ საჯარიმოში "ჩაწოლილმა" მასპინძელთა ერთ-ერთმა მცველმა ხელით მოიგერია. სტუმართათვის სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში მატჩის არბიტრის სასტვენი დუმდა. მატჩიც უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

მატჩის შემდეგ (,,მსოფლიო სპორტი”):

ბესიკ შეროზია: “მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ბიჭებს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, გააკეთეს. თერთმეტმეტრიანი რომ გამოგვეყენებინა, ვფიქრობ ამ თამაშს მოვიგებდით”.

 

გურამ ასპინძელაშვილი: “საინტერესო თამაში იყო, “ზუგდიდს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. წარმატებებს ვუსურვებ “ზუგდიდს”.

 

 

07.12.2014. ”ზუგდიდი” - ”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

 

ფოტომასალა მოწოდებულია გელა ფარცვანიას მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014