Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.12.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორებმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულეს

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 8 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთხუთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ზუგდიდის” მეორე გუნდს "ბაიას" ბაზაზე ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, რობაქიძე, მოსიძე, ჩიტორელიძე, ბარბაქაძე, ვაჭარაძე, მაკარიძე, სამუშია, გოცაძე (ბუბულაშვილი, 71), კანდელაკი (გოგავა, 83), მიქელთაძე.

 

ზუგდიდელ და ზესტაფონელ რეზერვისტთა დღევანდელი დაპირისპირების პირველი წუთები უფრო აქტიურად მასპინძლებმა ჩაატარეს. თუმცა, იმერლებმა სასტარტო მღელვარება მალევე დაძლიეს, თამაში გაათანაბრეს და თანდათან უპირატესობასაც დაეუფლნენ. დაახლოებით მეოცე წუთიდან კი "ზესტაფონის" დუბლიორთა უპირატესობა აშკარა გახდა.

 

სტუმრები "ზუგდიდის" კართან საგოლე მომენტებს ერთი-მეორეს მიყოლებით ქმნიდნენ და საკმაო ხანს ამ მომენტებს ანიავებდნენ. ზედიზედ სამ ეპიზოდში ანგარიშის გახსნა მართებდა ბექა მიქელთაძეს, თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობები მიეცათ გურამ სამუშიას, მიხეილ ვაჭარაძესა და ბექა გოცაძეს, თუმცა იმერლებს დაწინაურებაში ხელს ხან მასპინძელთა გოლკიპერის ირაკლი ქირიას საიმედო თამაში უშლიდათ, ხანაც მათ მიერ განხორციელებული დარტყმებისას დაშვებული უზუსტობა.

 

ანგარიშის გახსნა მარგველებმა 40-ე წუთზე მაინც მოახერხეს - ზუგდიდელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ კარში ჯერ დავით მოსიძე ურტყავდა, შემდეგ ბექა მიქელთაძე (ორივე დარტყმისას ირაკლი ქირიამ სასწაულებრივ იხსნა თავის გუნდი), ბოლოს კი ბურთი მიუვიდა დემურ კანდელაკს, რომელმაც ბურთი მასპინძელთა კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - 47-ე წუთზე სამეგრელოს წარმომადგენელთა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად იმერელთა ბომბარდირმა ბექა მიქელთაძემ აქცია. 57-ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება უკვე მასპინძლებმა მოიპოვეს და აკაკი ფარჯიკიამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

 

ორბურთიანი "სტატუს-ქვო" ზემოიმერლებმა ზუსტად ერთ წუთში აღადგინეს - მოედნის ცენტრიდან მიხეილ ვაჭარაძის მიერ წამოწყებული შეტევა ბექა მიქელთაძის მისამართით გაკეთებული ზუსტი გადაცემით გაგრძელდა, ეს უკანასკნელი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.

 

ზუგდიდელები არ დანებდნენ და 10 წუთში ანგარიში ისევ თანაბარი გახადეს - 63-ე წუთზე გოლი შახი თოლორაიამ გაიტანა, ხოლო 67-ე ზემოიმერელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტი დარტყმით ისევ აკაკი ფარჯიკიამ დააგვირგვინა.

 

მასპინძელთა გოლებს იმერლებმა მორიგი "აფეთქებითა" და თამაშის გამწვავებით უპასუხეს. ისევ დაწინაურება სტუმრებმა 78-ე წუთზე მოახერხეს - მასპინძელთა გოლკიპერის მიერ დაშვებული შეცდომით სტუმრებმა კარგად ისარგებლეს და დემურ კანდელაკის ზუსტი გადაცემის შემდეგ, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გურამ სამუშიამ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

 

81-ე წუთზე გურამ სამუშიამ უკვე თავის თანაგუნდელს გაატანინა - პარტნიორის დროული გადაცემის შემდეგ დუბლიორთა რიგებში სადებიუტო გოლი ლაშა ბუბულაშვილმა გაიტანა. 88-ე წუთზე კი შეტევაში გართულ მასპინძლებს იმერლების სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და გურამ სამუშიამ თავის ყოფილი გუნდი კიდევ ერთი ბურთით დაამწუხრა. საბოლოოდ, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 6-3 დასრულდა.

 

შედეგად, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა პირველობის პირველი წრის დასრულების შემდეგ მარგველთა დუბლიორები სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი მიქაძის გუნდი 15 შეხვედრაში მეტოქეთა კარში გატანილი 54 გოლით ტურნირის ყველაზე შედეგიანი გუნდია. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა დავას კი ერთპიროვნულად ჩვენი გუნდის წარმომადგენელი ბექა მიქელთაძე ლიდერობს - სადღეისოდ ახალგაზრდა ფორვარდის ანგარიშზე 19 გატანილი გოლი გახლავთ.

 

ფოტომასალა მოწოდებულია გელა ფარცვანიას მიერ

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014