Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.12.2014

 

 

 

 

 

 

 

“ზესტაფონის” მომავალი გაურკვეველია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრეში რა სახით წარსდგება, არავინ იცის. ჯერჯერობით კლუბი არ გაუქმებულა, მაგრამ დღესდღეობით ისეთი ვითარებაა, რომ კლუბის მფლობელი ილია კოკაია “ზესტაფონში” ინვესტიციის ჩადებას აღარ აპირებს. კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ ქვეყნის ორგზის ჩემპიონისა და თასის მომგებ კლუბში არსებული ვითარების შესახებ “მსოფლიო სპორტთან” კომენტარი გააკეთა:

 

“ზესტაფონის” ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი უკვე გაწყვეტილია. კლუბთან ხელშეკრულების ვადა სამწვრთნელო შტაბსაც დაუსრულდა.

 

კლუბის მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ მარაზმის პირობებში, რასაც სადღეისოდ წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატი, ფეხბურთში ფულის დაბანდება აღარ ღირს.

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება 16-გუნდიანი პირველობის ჩატარების შესახებ, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფულად დაეცა. სამწუხაროდ, სადღეისოდ ის აღარ წარმოადგენს პროფესიონალი ფეხბურთელების შეჯიბრებას.

 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წესად დებულების დარღვევა იქცა - გავიხსენოთ თუნდაც ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის გაუგონარი გადაწყვეტილება. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ნებართვა მისცეს ეროვნული ლიცენზიის არმქონე კლუბებს. საქართველოს ჩემპიონატი აღარ წარმოადგენს ტურნირს, რომელშიც შესაძლებელია ფეხბურთელის პროფესიული ზრდა, შეუძლებელია ამ ტურნირიდან ევროთასებზე გასული გუნდის წარმატებით ასპარეზობა...

 

ამასთან, კლუბის მფლობელთა იმედგაცრუებას მთელმა რიგმა ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი. დავიწყოთ იმით, რომ დღემდე არ ჩანს სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ფეხბურთის განვითარების პროგრამა. საფეხბურთო მეურნეობაში სიტუაციის დალაგების ნაცვლად, მივიღეთ ანეკდოტური სიტუაცია, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაუსრულებლად კინკლაობენ განყენებულ თემებზე. არადა ფეხბურთის გადასარჩენად ქვეყანაში გადაუდებელი ღონისძიებები იყო სასწრაფოდ განსახორციელებელი.

 

გვაქვს პარადოქსული მოცემულობა - ფეხბურთში ფულის დამბანდებელი კერძო ინვესტორი ბიუჯეტში იხდის თანხას, რომელიც მერე მისი კონკურენტი კლუბის გაძლიერებას ხმარდება. ხშირია პრეცედენტები, როდესაც სწორედ ამ ფულით ხდება კერძო კლუბიდან კონკურენტი კლუბის მიერ მოთამაშეთა გადაბირება.

 

ფეხბურთის გადასარჩენად ქმედითი ღონისძიებების გატარება დროულად იყო საჭირო. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების დაგვიანების შედეგად კი დაიწყო ფეხბურთიდან ინვესტორთა წასვლის და კლუბების ფინანსირების მკვეთრად შემცირების მტკივნეული პროცესი.

 

გეტყვით იმასაც, რომ “ზესტაფონს” ჰქონდა გარკვეული შეთანხმება ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან. შარშან ჩვენ მივიღეთ პირობა საკლუბო ინფრასტრუქტურის (სტადიონი და ბაზა) შესანახად 300 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე. საბოლოოდ, სურვილის მიუხედავად, გამგეობამ წელს მხოლოდ 100 ათასი ლარის ოდენობით დახმარების “მოშველება” მოახერხა.

 

ვიმედოვნებთ, რომ არსებულ ვითარებაში პროცესი დაჩქარდება და ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება. 300 ათასი ლარი, რომელიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას უნდა მოხმარდეს, უკვე ასახულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად იქნება ეს თანხა საკმარისი. ეს ხომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული ხარჯებია.

 

რაც შეეხება გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საკითხს, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ამ ეტაპზე მიძნელდება. ალბათ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ვადებში ჩაიბარებს გუნდს და გაიღებს თანხებს ფეხბურთის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტი. როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საფეხბურთო კლუბების დაფინანსების მისაბაძი მაგალითები მოგვეპოვება ქობულეთში, გორში, ბოლნისში, ბათუმში, ქუთაისში და მრავალ სხვა ქალაქში”...

 

იბეჭდება შემოკლებით...

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014