Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.02.2015

 

 

 

 

 

 

 

 

მატჩი "ევგრაფი შევარდნაძეზე"

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 21 თებერვალს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. მეორე წრის სასტარტო, რიგით მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ლანჩხუთს ესტუმრა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ადგილობრივ ”გურიას” დაუპირისპირდა.

 

სატურნირო ცხრილში მეზობელი გუნდების დღევანდელი მატჩი ზამთრის პაუზის შემდეგ გამართული პირველი ტურის კვალობაზე საინტერესო გამოდგა და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. თამაშის მსვლელობისას უპირატესობას ხან მასპინძლები ფლობდნენ, ხანაც სტუმრები, თუმცა გურულებს დღეს ზესტაფონელებზე მეტად გაუმართლათ...

 

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს - პარტნიორის კარგი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გურამ სამუშია აღმოჩნდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული მცირედით აცდა გაბრიელ თებიძის კარს. შემდეგ შანსი მასპინძლებსაც მიეცათ და საკუთარი კარის გადასარჩენად, იმერელთა გოლკიპერ დავით კუპატაძეს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა.

 

შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობები ივანე ხაბელაშვილსა და გიორგი ილურიძეს მიეცათ, თუმცა დამაგვირგვინებელი დარტყმების შესრულებისას ორივეს სიზუსტე დააკლდა და ტაიმიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი აქტიურად უკვე მასპინძლებმა ჩაატარეს და სწორედ მატჩის ამ მონაკვეთში გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც მოახერხეს - 50-ე წუთზე "ზესტაფონის" კართან დანიშნული კუთხურისას ბურთი საჯარიმოსკენ იქნა ჩაწოდებული და თორნიკე მოსიაშვილმა საჯარიმოს ხაზის სიახლოვედან უძლიერესი დარტყმით ის სტუმართა კარის ბადის "ცხრიანში" გადაგზავნა. უნდა ითქვას, რომ დავით კუპატაძეს საკუთარი გუნდის გადარჩენის მცირედი შანსიც არ ჰქონია.

 

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ უკვე სტუმრები გააქტიურდნენ და მალევე ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელსაც კარში დარტყმით ირაკლი სიხარულიძე აგვირგვინებდა, მაგრამ ოდნავ სიზუსტე დააკლდა. თამაშის გამწვავებას მასპინძლებიც ცდილობდნენ. მაგრამ აშკარად საგოლე მომენტი იმერელთა კართან შეხვედრის ბოლომდე აღარ შექმნილა.

 

რაც შეეხება მარგველებს, გიორგი მიქაძემ თამაშის გამწვავება შეცვლებით სცადა და მატჩის მიწურულს "ზესტაფონს" ნამდვილად მართებდა ქულის გადარჩენა. ჯერ იყო და ირაკლი სიხარულიძის შორიდან დარტყმის შემდეგ ბურთი სულ მცირედით ასცდა გურულთა კარის "ცხრიანს", მატჩის ბოლო წუთზე კი ლანჩხუთელთა მხარეს უკვე იღბალიც აღმოჩნდა - ზვიად სიხარულიას დარტყმული მასპინძელთა კარის ზედა ძელმა მოიგერია. დასანანი მარცხი მინიმალური ანგარიშით 1-0.

 

 

21.02.2015. ”გურია” (ლანჩხუთი) - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 1 მარტს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015