Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძესთან

 

გათამაშებიდან „ზესტაფონის“ მოკვეთა ხელოვნურად მოხდა

 

 

 

 

 

 

პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოხსნის შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციას შესაძლებლობა ჰქონდა, აღნიშნული ფაქტი აღეკვეთა, მაგრამ ამისთვის არაფერი გაუკეთებია.

 

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლორთქიფანიძე იმედს გამოთქვამს, რომ მოიძებნება შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ „ზესფატონმა" ჩემპიონატში მონაწილეობა გააგრძელოს.


- „ზესტაფონის " უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოკვეთა ნაჩქარევი და არასწორი გადაწყვეტილება იყო. მით უფრო, როდესაც „ზესტაფონის" კლუბის მეპატრონისგან, ფეხბურთელების სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზო არველაძე ინფორმირებული იყო.

 

არველაძე დაჰპირდა კლუბის მეპატრონეს, რომ საქმის კურსში ჩააყენებდა ფედერაციის პრეზიდენტს, სიჭინავას, მაგრამ მას შემდეგ გავიდა 4 დღე და არანაირი ზომები არ იქნა მიღებული.

 

საპირისპიროდ ამისა, ორშაბათს შეიკრიბა ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც მოკვეთა „ზესტაფონი" უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან. ვფიქრობ, რომ ეს იყო არასწორი. შესაძლებელი იყო, რომ თამაში გადადებულიყო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა კრიმინალურ მოქმედებებს. უნდა დაწყებულიყო ამ საქმის გამოძიება. კლუბმა მიმართა პროკურატურას.

 

მეც მივმართავ პროკურატურას, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს აღნიშნული პრობლემა და გამოავლინოს საფეხბურთო სამყაროსთან მიტმასნილი შარლატანები, რომლებიც დაკავებული არიან ფეხბურთელების მოსყიდვით. ასევე მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ვალდებული იყო, აღნიშნული საკითხი მაღალ დონეზე აეწია.

 

მათ შორის ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიაში შედის ფედერაციის პრეზიდენტი, არის ფინანსთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ამ კომისიაში შედის ბატონი ილია კოკაიაც, სპორტის მინისტრიც და თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიაშიც უნდა მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა.

 

ანუ ფედერაციამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „ზესტაფონი" გადაერჩინა გათამაშებიდან მოკვეთისაგან. ფედერაცია ვალდებული იყო, შეექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეზღუდულ დროში ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებას. ფაქტობრივად, ხელოვნურად მოხდა „ზესტაფონის" გათამაშებიდან მოკვეთა.

 

მინდა, იმედი დავიტოვო, რომ კლუბის ხელმძღვანელობა შეიტანს განცხადებას სააპელაციო კომიტეტში და კომიტეტი უფრო გონივრულად მიუდგება ამ საკითხს და „ზესტაფონს" არ მოხსნიან გათამაშებიდან. იმედია, მოიძებნება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ამ კლუბმა გააგრძელოს ჩემპიონატში მონაწილეობა ...

 

 

ნენე სტეფანიშვილი, www.reportiori,ge "

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015