Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.05.2015

 

 

 

 

 

 

 

 

გამგეობაში - სალდო, ლოზანაში - სამართალი

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მკითხველმა იცის, ამ ცოტა ხნის წინათ ზესტაფონის საკრებულომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის დახმარებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ კლუბის პასივები აქტივებს აღემატებოდა.

აქვე იყო დაპირება - როცა კლუბს ვალები აღარ ექნებოდა, საკრებულოს მხრიდან აუცილებლად მოხდებოდა მისი თანადაფინანსება...

შევიტყვეთ, რომ კლუბში ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 20 მაისს "ლელო" "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და მისგან ერთობ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყო:


"როგორც იცით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ზესტაფონის" თანადაფინანსებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ კლუბის პასივი აღემატებოდა აქტივს. არადა, არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არც მაშინ ყოფილა კლუბში. ეს ხომ საფეხბურთო ორგანიზმის ცხოვრების ჩვეული ნაწილია.

 

ამის მიუხედავად, საკრებულოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კლუბმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით და ამ ეტაპზე "ზესტაფონის" აქტივები უკვე მნიშვნელოვნად აღემატება პასივს. მომავალ კვირაში ჩვენ წარვუდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას ქალაქის ხელმძღვანელობას. დარწმუნებულები ვართ, შეპირებისამებრ მოხდება კლუბის თანადაფინანსება", - გვითხრა ფუტკარაძემ.

საინტერესოა, რომელ ლიგაში ითამაშებს "ზესტაფონი"? კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ეს კითხვაც დავუსვით:

"მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის, სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალისა თუ არბიტრაჟის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

ხდება ისეც, რომ თავისი გადაწყვეტილებებით ეს ინსტანციები ეჭვქვეშ ერთმანეთის კომპეტენციას აყენებენ. შესაბამისად, ასეთი ინსტანციების გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ჩვენც გვაქვს.

კარგად ვიცით, რა მოხდა სულ რამდენიმე დღის წინათ, "ჩხერიმელასა" და "ლოკომოტივის" შემთხვევაში... ფეხბურთის ფედერაციაში მიხვდნენ გადაწყვეტილების აბსურდულობას და იმ დღესვე ამ კლუბებს თავადვე დაეხმარნენ აპელაციის დაწერაში.

ცხადია, ასეთი ინსტანციების გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ნამდვილად გვაქვს. გადაწყვეტილია - მივმართავთ ლოზანაში მოქმედ სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) და გავასაჩივრებთ ვერდიქტს "ზესტაფონის" უმაღლესი ლიგიდან მოკვეთის თაობაზე.

ჩვენ საგანგებოდ მოვიძიეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულმა კლუბმა გაასაჩივრა მის მიმართ ეროვნული ფედერაციის საარბიტრაჟო სტრუქტურის მიერ გამოტანილი ვერდიქტი და საქმეც მოიგო.

ვგულისხმობთ ბელორუსის ბატე-ს. ლოზანის სასამართლომ კლუბი გაამართლა და პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში აქტიურად და ქმედითად გვიდგას მხარში ევროპის კლუბების ასოციაცია.

უახლოეს დღეებში იგეგმება ამ ორგანიზაციისა და "ზესტაფონის" ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრა. ჩვენმა კლუბმა აღკვეთა გარიგების შესაძლებლობა და შეატყობინა ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ამის მიუხედავად, კლუბი უსამართლოდ მოკვეთეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან. ჩვენ ჩვენს სიმართლეში ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი და გვჯერა, ჩვენსას მაინც დავამტკიცებთ", - გვითხრა ფუტკარაძემ.

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015