Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.12.2023

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ყველა ოფიციალური მატჩი

 

 

 

 

 

 

სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მორიგი სეზონი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი გუნდისა და მისი ფეხბურთელების მიერ ახლახან დასრულებულ სეზონში ნაჩვენები ციფრები უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში იასპარეზა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და ამ ტურინირის ეგიდით გამართა 350 მატჩი; აქედან 188 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 72 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 90-ში კი დაფიქსირდა ზესტაფონელთა მეტოქეთა გამარჯვება; ბურთების სხვაობაა 562-331. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 636 ქულა.

 

სამწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში (2018 და 2019 წლები) ჩვენი გუნდი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში, სადაც გამართა 55 მატჩი, აქედან 37 დასრულდა ზესტაფონელების გამარჯვებით, 7 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 11-ში კი მოიგეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა; ბურთების სხვაობაა 160-62. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 118 ქულა.

 

ასევე ორი სეზონი (2020 და 2021 წლები) საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ში იასპარეზა, სადაც ჯამში 42 შეხვედრა ჩაატარა - აქედან 22 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 11 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 9-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 88-41.

მომდევნო, კლუბის უცვლელი პრეზიდენტის, ბატონი ილია კოკაიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდგომი ძალიან მძიმე ორი სეზონი (2022 და 2023 წლები) ჩვენმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ში გაატარა. დიდად წარმატებულს ამ ორ სეზონს ვერ ვუწოდებთ, თუმცა სტატისტიკის მოყვარულებს მაინც გეტყვით, რომ ლიგა 3-ში "ზესტაფონმა" 60 მატჩი გამართა - აქედან 10 დასრულდა ზესტაფონელთა გამარჯვებით, 14 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 36-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 51-123.

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო მეგოლეები ნიკოლოზ გელაშვილი (63 გატანილი გოლით), ჯაბა დვალი (62 გოლი) და ზურაბ იონანიძე (48 გოლი) არიან...

 

შეგახსენებთ, რომ თბილისურ "დინამოსთან", "ვიტ-ჯორჯიასთან", "საბურთალოსთან", ქუთაისის "ტორპედოსთან" და უკვე ბათუმის "დინამოსთან" ერთად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ქართული კლუბების ექვსეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "სიქსტეტის" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია...

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შექმნის დღიდან ”ზესტაფონს” გამართული აქვს 83 მატჩი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში, რომელთაგან 47 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 დასრულდა ფრედ, 19-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 151-73 იმერელთა სასარგებლოდ.

 

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 7-ჯერ აქვს შერხეული...

 

საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში იმერლებს 3-ჯერ უთამაშია - ამ მატჩებში მათ 2 ტიტული, თითო გამარჯვება, ფრე, მარცხი და გატანილ-მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი 3-2 დაუგროვდათ...

 

ორიოდე სიტყვით შევეხებით ევროსარბიელსაც - ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველებს გამართული აქვთ 24 მატჩი, რომელთაგან 6 დასრულდა მათი გამარჯვებით, 7 დასრულდა ფრედ, 11-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა ოპონენტებმა. ბურთების სხვაობაა 35-31 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ევროტურნირებში ზემოიმერელთა საუკეთესო მეგოლეები ჯაბა დვალი (12 გატანილი გოლით) და ნიკოლოზ გელაშვილი (10 გოლი) არიან...

 

საინტერესოა, რომ ევროპული საკლუბო ტურნირებიდან ერთ-ერთის, კერძოდ ევროპა ლიგის გათამაშების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკი სწორედ "ზესტაფონის" ფეხბურთელმა, კერძოდ ჯაბა დვალმა შეასრულა. მარგველთა ფორვარდმა ჩრდილოირლანდიურ "ლისბერნთან" 2009 წლის 9 ივლისს ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში ბრიტანელთა კარი 3-ჯერ დალაშქრა...

 

თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი დღევანდელი პუბლიკაციის შეჯამებისას კი გეტყვით, რომ სულ, 2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 617 ოფიციალური მატჩი, მოპოვებული აქვს 311 გამარჯვება და 129 ფრე, განცდილი აქვს 177 მარცხი, მეტოქეთა კარში აქვს გატანილი 1049 და საკუთარში მიღებული 664 ბურთი...

 

აღნიშვნის ღირსია სხვადასხვა ტურნირის (ეროვნული ჩემპიონატი, თასისა და სუპერთასის გათამაშება, ევროტურნირები) ეგიდით გამართულ ყველა ოფიციალურში შეხვედრაში კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილიც” - 2023 წლის სეზონის შედეგების გათვალისწინებით ზესტაფონელ მეგოლეთა დავას სათავეში 81 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ჯაბა დვალი უდგას, მეორე ადგილზე 77 ზუსტი დარტყმით ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილია მოკალათებული, ხოლო 62 გოლით მესამე შედეგი ლეგენდარულ ზურაბ იონანიძეს ეკუთვნის...

 

ბრაზილიელმა ჟილვან გომეს ვიეირამ ზესტაფონელ გულშემატკივარს თავი პირველივე დღიდან შეაყვარა
2008 წელს მოგებული თასის ფინალური მატჩის წინ
ზესტაფონელი ქომაგები უნგრულ დიორში გამართული უეფას თასის გათამაშების შეხვედრაზე
ჯაბა დვალის ისტორიული "ჰეთ-ტრიკი" ჩრდილოირლანდიელებთან შეხვედრაში
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ჰენრიკ ლარსონმა "დავით აბაშიძიზე" იასპარეზა
ავსტრიულ შეკრებაზე გამართული ამხანაგური მატჩი სანქტ-პეტერბურგელებთან
"დავით აბაშიძის" მუდამ სავსე ტრიბუნები
სლოვაკურ ბანსკა-ბისტრიცაში "ზესტაფონმა" სასურველი შედეგი დააფიქსირა
ლვოვის "კარპატთან" გამართული საშინაო შეხვედრა
ანდრეი შევჩენკო ზესტაფონელთა მცველების გარემოცვაში
ჯაბა დვალის გოლი მოლდოვური "დაჩიას" კარში
"დაჩიასთან" კიშინიოვში გამართული მძიმე შეხვედრა
ნიკოლოზ გელაშვილს გრაცის "შტურმის" კარში მეორეც უნდა გაეტანა
ისტორიული მატჩი ბელგიურ "ბრიუგესთან"
კიდევ ერთი ისტორიული მატჩი და მისი შედეგი "დავით აბაშიძის" სტადიონის ტაბლოზე
ოვონიკოკოს ამ დარტყმით მოპოვებული ზედიზედ მეორე ჩემპიონობა
2012 წლის სამარცხვინო თასის ფინალის მძიმე ეპიზოდი
"ზესტაფანები" ბაქოში გამართულ "ნეფტჩისთან" შეხვედრაზე
"ნეფტჩისთან" საშინაო მატჩის ცეცხლოვანი დასაწყისი
2013 წელს მოგებული 2012 წლის სუპერთასის გათამაშება
პატარა ბიჭების რანგში გუნდში მოსული კაცების ზეიმი!

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023