Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

დატვირთული გრაფიკი თბილისურ ბაზაზე

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე არსებული ორი უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო მოედანი სადღეისოდ სრული დატვირთვითაა ამოქმედებული...

 

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ჯერაც არ გამოუტანია გადაწყვეტილება მათ წინამორბედთა მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებების შეფასებასთან და სფფ-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში იმერული კლუბის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

საფეხბურთო მაღალჩინოსნების მიერ "ზესტაფონის" მომავალთან დაკავშირებული ვერდიქტის გამოტანამდე, ჩვენი კლუბის მთავარი საზრუნავი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მისი მწყობრში ყოფნის უზრუნველყოფაა. როგორც იცით, უეფას ევროტურნირების შესაბამისი ლიცენზიის მქონე სტადიონის, 2 ბაზისა და 6 უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი მინდვრის მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლავთ. რა გასაკვირია, რომ ამ საკითხის ფინანსურ უზრუნველყოფას კლუბი სპორტული ობიექტების გაქირავებიდან შემოსული თანხების გამოყენების გზით ცდილობს...

 

როგორც უკვე იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, თბილისში გამართული ჯერ 19-წლამდელთა, შემდეგ კი 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილეები სწორედ ჩვენი ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ. მარტსა და მაისში კი იმერელთა კომპლექსის მოედნებზე შეკრება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიარა.

 

მიმდინარე თვის პირველ ნახევარში თბილისურ ბაზაზე საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ვარჯიშობდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე უეფას ევროპალიგის კარსმომდგარ შეხვედრებში სამტრედიელთა მეტოქე, აზერბაიჯანის ჩემპიონატის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "გაბალა" ვარჯიშობს.

 

24 ივნისიდან მოყოლებული იმერელთა სპორტული კომპლექსის მოედნებზე შეკრებას საფეხბურთო კლუბი "გაგრა", ხოლო 1 ივლისიდან ირანის ქალაქ თებრიზის წარმომადგენელი კლუბი "შარდარი" გაივლის. ზესტაფონელთა კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე მომზადების სურვილს რამდენიმე უცხოური კლუბი ახლაც გამოთქვამს.

 

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე სადღეისოდ არსებულ მდგომარეობასა და აზერბაიჯანული "გაბალას" ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016