Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.05.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": ორგზის ჩემპიონები

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო რუსთაველთა კარში გატანილ გადამწყვეტ გოლს ზეიმობს
 

დღეს ჩვენი ინტერნეტ-საიტი ზუსტად 5 წლის წინ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ისტორიულ მიღწევაზე მოგითხრობთ - 2012 წლის 21 მაისს ზემოიმერულმა კლუბმა, ძალიან მძიმე და ამავე დროს, ბევრი ლამაზი გამარჯვებით დახუნძლული სეზონის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული მეორედ მოიპოვა ...


როგორც გახსოვთ, 2011-2012 წლების საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართა. ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ ზესტაფონელები 54 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდბენ თავს და ტიტულისათვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ რუსთავის "მეტალურგს" მთელი 21 (!) ქულით უსწრებდნენ...

 

ჩემპიონატის დებულება ისე გახლდათ შედგენილი, რომ მეორე ეტაპის დაწყების მომენტისათვის ქულებში იმერელთა უპირატესობა მხოლოდ 7 ქულამდე იქნა დაყვანილი. უნდა ითქვას, რომ სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ზესტაფონელებმა რამდენიმე გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს და ჩემპიონატის ფინიშზე ორივე კოლექტივი ("ზესტაფონი" და "მეტალურგი") ქულათა თანაბარი მარაგით (55-55) მივიდა.

 

სწორედ აქ დაიწყო გაუგებრობათა მთელი "კასკადი" - ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ჩემპიონატის ჩატარების შესახებ დებულების შეცვლა ჩემპიონატის მსვლელობისას განიზრახა, რითაც მომგებიან პოზიციაში ზესტაფონელთა ოპონენტი აღმოჩნდებოდა. აი რას წერდა იმ პერიოდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "GHN":

 

"... იმის გათვალისწინებით, თუ რა წერია სფფ-ს აღმასკომზე დამტკიცებულ 2011-2012 წწ. XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებულებაში, ცხრილში ცვლილებაა შესატანი - „მეტალურგმა" და „ზესტაფონმა" ადგილები უნდა გაცვალონ. ამის დოკუმენტური დასაბუთება სწორედ დებულების 4.4.1., 4.4.2, 4.4.3., 4.4.4. და 4.4.5. მუხლებში წერია - თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობის გამოსავლენად, ამოსავალ წერტილად მიიღება გუნდების მიერ ჩემპიონატში მოპოვებული მოგებათა მეტი რაოდენობა, ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა და ა.შ.


ჰოდა, ვინაიდან ჩემპიონატში „ზესტაფონმა" 24 შეხვედრა და „მეტალურგმა" 19 მოიგო, ცხრილის უფრო მაღალ საფეხურზე სწორედ ზესტაფონელები უნდა იყვნენ.


ახლა კი, მოკლედ სფფ-ს მიერ საკუთარი იურიდიული კაზუსის (უკვე მერამდენე) „გასამაგრებლად" მოყვანილ დოკუმენტზეც ვთქვათ, რომელიც ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის ხელმოწერითაა შედგენილი და უმაღლესი ლიგის კლუბებს დაეგზავნათ. უკვე ამ წერილის გაგზავნის თარიღშია მორიგი იურიდიული კაზუსი. წერილი კლუბებს 2012 წლის 15 მარტს გაუგზავნეს, პლეი-ოფი კი 12 მარტს დაიწყო. ე.ი. „ზესტაფონს" 1 მატჩი უკვე ნათამაშები („კოლხეთთან" 4:0 მოიგო) ჰქონდა.


და კიდევ ერთი და უფრო მთავარი კაზუსი. ამ 15 მარტის განმარტების ბოლო აბზაცში წერია: „თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის (აქ კი ერთით მეტი გამარჯვება რუსთაველებს აქვთ) შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1., 4.4.2, 4.4.3., 4.4.4., 4.4.5., 4.4.6. და 4.4.7. მუხლების მიხედვით".


თუ რა წერია ამ მუხლებში, ამაზე ზემოთ უკვე დავწერეთ - უპირატესობა ენიჭება ჩემპიონატში მეტი მოგების მომპოვებელ გუნდს ("ზესტაფონს") "...

 

საბოლოოდ კი სიმართლე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის 21 მაისს გამართულ საგანგებო სხდომაზე გაირკვა - სხდომის დასრულებისთანავე სფფ-ს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გამოაცხადა, რომ დებულების მიხედვით საქართველოს ჩემპიონი “ზესტაფონი” გახდა!

 

* * *

მეორე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებამდე კი გიორგი ჭიაბრიშვილის დამმოძღვრილ გუნდს იმ სეზონში ძალიან ბევრი ლამაზი და სანახაობრივი მატჩი ჰქონდა, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს გამოვარჩევთ: ზესტაფონში თბილისის "დინამოს" დამარცხება ანგარიშით 5-1 (იხილეთ ვრცლად), დაუვიწყარი სათასო თრილერი (2-1) ქუთაისის "ტორპედოსთან" (იხილეთ ვრცლად), რუსთავში "მეტალურგთან" მოგებული (2-0) გადამწვეტი მატჩი (იხილეთ ვრცლად), გორის "დილასთან" შეხვედრის ბოლო წამებზე (იხილეთ ვრცლად) მოპოვებული გამარჯვება და ფინალური აკორდი (3-0) მარტვილის "მერანთან" (იხილეთ ვრცლად) საშინაო დაპირისპირება ..

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017