Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.06.2018

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი მარცხი ლიდერთან

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 19 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა "ზესტაფონმა" მარტვილის საფეხბურთო კლუბ "სალხინოს" უმასპინძლა.

 

რეგიონული ლიგის "ა" ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილელებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები გეგმაზომიერად ცდილობდნენ მარტვილელთა კარის გასაღების მოძიებას, თუმცა ერთი მეორეს მიყოლებით სახიფათო მომენტებს ანიავებდნენ...

 

თავიდან სტუმართა კარის აღების ძალიან კარგი შესაძლებლობები ბესო ფერაძესა და ირაკლი ზარნაძეს შეექმნათ, თუმცა სტუმართა გადარჩენა ორივე ეპიზოდში მშვენივრად მოასპარეზე გუნდის გოლკიპერმა ბორის დარციმელიამ მოახერხა. ტაიმის მიწურულს კი იმერელთა სწრაფი შეტევის შემდეგ ისიც უძლური იქნებოდა, მაგრამ თორნიკე ჭურაძის დარტყმულმა "სალხინოს" კარის ხარიხა შეაზანზარა.

 

მეორე ტაიმი შეხვედრის პირველის ნახევრის მსგავსი სცენარით დაიწყო - მასპინძლები თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ, სტუმართა კართან ხიფათს ქმნიდნენ, მაგრამ რეალიზაციის საქმეში კვლავ მოიკოჭლებდნენ. რაც შეეხება სტუმრებს, მათ "ზესტაფონის" კართან შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს...

 

შეხვედრის 55-ე წუთზე კუთხურის ნიშნულის მახლობლად დაინიშნა სტანდარტი, რომლის შემდეგაც სტუმრებმა ბურთი ზემოიმერელთა საჯარიმოში ჩააწოდეს, იქ შექმნილ არეულობაში კი ყველაზე უკეთ ზვიად ციკოლია გაერკვა და ახლო მანძილიდან ზუსტი თავურით თავის გუნდი მოულოდნელად დააწინაურა.

 

მატჩის გადასარჩენად ზესტაფონელებს საკმაო დრო რჩებოდათ და მათ ამ დროის უმეტესი ნაწილი შეტევებში გაატარეს. გოლის გატანასთან ახლოს ჯერ შალვა ცქიფურიშვილი გახლდათ, რომელიც სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ვიზავის ვერ აჯობა; შემდეგ ირაკლი ზარნაძეს შეეძლო გატანა, ბოლოს კი ახლო მანძილიდან გიორგი მაკარიძის თავური დარტყმა გამოდგა ოდნავ არაზუსტი.

 

საბოლოოდ, დღევანდელი, მეტად საინტერესო დაპირისპირება მარტვილელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ "სალხინომ" კიდევ უფრო განიმტკიცა სატურნირო ცხრილის ლიდერის პოზიცია. რაც შეეხება ზესტაფონელებს, მათ, საგოლე მომენტების რეალიზაციაზე მუშაობასთან ერთად, მიმდინარე სეზონში მოწინავეთა ტურნირში მოსახვედრად დარჩენილ 3 შეხვედრაში 2 ქულის მოპოვება ესაჭიროებათ.

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 3 ივლისს გამართავს - ამ დღეს ზემოიმერლები ბაღდათში ადგილობრივ "საირმეს" ესტუმრებიან ...

 

 

19.06.2018. ”ზესტაფონი” - ”სალხინო” (მარტვილი) 0-1

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე (მაცაბერიძე, 81), ა. დვალი (არაბიძე, 76), ჩიტორელიძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი, ზარნაძე, მაკარიძე, ბ. ფერაძე (გ. სამხარაძე, 68).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018