Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ზედიზედ მეექვსე გამარჯვება

 

 

 

 

 

2019 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე გაიმართა საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

ორი იმერული კოლექტივის დღევანდელი დაპირისპირების მე-10 წუთზე, ზესტაფონელთა ფორვარდის თორნიკე ახვლედიანის "ტორპედოს" საჯარიმოში წაქცევისათვის, მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, თუმცა სტუმართა კაპიტნის ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ კარის მარცხენა კუთხეში ძლიერად გაგზავნილი ბურთის მოგერიება მასპინძელთა ახალგაზრდა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა მოახერხა. დამატებაზე თავის გამოჩენა კობა გოგობერიშვილს მართებდა, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა...

 

ასეთ დასაწყისს მარგველები არ დაუბნევია და მე-16 წუთზე ისინი მაინც გავიდნენ წინ - ზემოიმერელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე გამოცდილი დავით ჩხიკვაძის კარგი გარღვევისა და საჯარიმოს ცენტრის მიმართულებით გაკეთებული უზუსტესი გადაცემის შემდეგ მაღალ ნახტომში შესრულებული ზუსტი თავურით თავი თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა.

 

ტაიმის ბოლომდე მარგველები ბევრს აქტიურობდნენ და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის სათავისოდ გაზრდაც შეეძლოთ. რაც შეეხება ქუთათურებს, ისინი პირველი ნახევრის ბოლოსკენ გააქტიურდნენ და ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყვნენ კიდეც - 45-ე წუთზე "ტორპედომ" სახიფათო იერიში გამოაცხო და სტუმრები მასპინძელთა უზუსტობამ გადაარჩინა...

 

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა კიდევ მოუმატეს, ისინი ბევრს ცდილობდნენ და ორ ეპიზოდში ზესტაფონელთა კარის ძელიც შეაზანზარეს. თუმცა, 55-ე წუთზე სტუმრებმა განახორციელეს სანიმუშო კონტრაქცია და ანრი ზაქარაშვილის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თორნიკე ახვლედიანმა ჯერ აუარა გვერდი ვიზავის, შემდეგ კი ბურთი მშვიდად ბადეში გადაგზავნა.

 

მასპინძლები ამის შემდეგაც ცდილობდნენ მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანას, თუმცა სტუმართა გოლკიპერი ალექსანდრე გიორგაძე მეტად დამაჯერაბლად ირჯებოდა. დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე დაფიქსირდა - თორნიკე ახვლედიანის ზუსტი გადაცემის შემდეგ თავი შეცვლაზე შემოსულმა აკაკი დვალმა გამოიჩინა. სტუმართა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება დიდი ანგარიშით - ამჯერად 3-0.

 

მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 13 ნოემბერს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები აბაშის "ზანას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ...

 

06.11.2019. ”ტორპედო-2” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 0-3

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, სვიანაძე, ჭურაძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე (ბ. ფერაძე, 85 ), ზაქარაშვილი (ბუბულაშვილი, 82), გოგობერიშვილი, ბერაძე (ა. დვალი, 40), ახვლედიანი.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019