19.10.2020 
              
            
            
            
            
            
            
            
            სპარინგ-მატჩი თანაქალაქელებთან  
            
            
            
            
             
          საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"  ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრებისათვის მზადებას განაგრძობს.  19 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა - "ზესტაფონმა"  საკუთარ ბაზაზე რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს  უმასპინძლა.  
            
          როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 19 ოქტომბერს იმერლებს სენაკელებთან ეროვნული ლიგა-4-ს მეშვიდე ტურის შეხვედრა უნდა გაემართათ, თუმცა ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეროვნული ლიგა-3-ს, ეროვნული ლიგა-4-სა და რეგიონული ლიგის უახლოესი ტურების გარკვეული დროით გადადების შესახებ... 
            
          დღეს გასამართი ოფიციალური შეხვედრის გაუქმების პირობებში, გადაწყდა თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-თან ამხანაგური მატჩის გამართვა. შეხვედრა რანგით მაღალ ლიგაში მოასპარეზე "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 6-2 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ლაშა ოზბეთელაშვილმა (2), ბაჩო ბერაძემ, გიორგი ხარშილაძემ, დავით ჩხიკვაძემ და კობა გოგობერიშვილმა გამოიჩინეს, ხოლო "მარგვეთი-2006"-ს გოლები თორნიკე დარსაველიძისა და ლაშა ბუბულაშვილის ანგარიშზეა...  
            
          თანაქალაქელებთან  შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე,  მოსიძე,  ხუხუა, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე,  ჯანიაშვილი, სამხარაძე,  ზარნაძე, ნანობაშვილი,  გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. მეორე ტაიმში   მასპინძელთა რიგებში მოედანზე მიქავა, ბერაძე,  ხარაიშვილი და ხარშილაძე გამოჩნდნენ... 
            
          ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გამართავს - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იმერლები სენაკის "ეგრისს" უმასპინძლებენ... 
            
           |