Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.06.2021

 

 

 

 

 

 

 

 

დაძაბული შეხვედრა და ფრე ქედაში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 22 ივნისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა - არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი ჯგუფის" მეცამეტე ტურის შეხვედრაში იმერული გუნდი ადგილობრივ "ბეთლემს" დაუპირისპირდა.

 

"ბეთლემი" ეროვნული ლიგა-4-ს მეორე ეტაპზე ზედა ათეულში მოსახვედრად იბრძვის და აქედან გამომდინარე, ქედაში დღეს გამართულ აჭარულ-იმერულ დაპირისპირებას თან დაძაბული ფონი ახლდა. რაც შეეხება ზესტაფონელებს, ისინი პირველ ხუთეულში საბოლოოდ დამკვიდრებასთან ძალიან ახლოს არიან და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულათა მაქსიმალური მარაგით გასასვლელად ბრძოლაზე არიან კონცენტრირებულნი.

 

მატჩის დაწყებისთანავე თამაშის სადავეები ხელთ სტუმრებმა იგდეს, რასაც ქედელთა კართან განხორციელებული რამდენიმე მწვავე იერიში მოჰყვა - მასპინძელთა გოლკიპერმა რომან ტაკიძემ ჯერ მასთან პირისპირ დარჩენილ ჯუბა ხმელიძეს სასწაულებრივ აუღო, შემდეგ მასვე კიდევ ორ ეპიზოდში არ გაატანინა, ბოლოს კი იმერელთა მთავარმეგოლის დარტყმული მასპინძელთა კარის ძელმა მოიგერია...

რამდენიმე საგოლე შესაძლებლობის განიავების შემდეგ, შეხვედრის მე-40 წუთზე ჯუბა ხმელიძემ მიმდინარე ჩემპიონატში თავის პირად მონაგარს მე-10 გოლი მაინც შემატა - გიგა ამბროლაძის ოსტატური გადაცემის შემდეგ, ზესტაფონელთა ფორვარდი გასცდა მასპინძელთა კარის დარაჯს და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ტაიმიც იმერელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა...

 

სატურნირო პერსპექტივების მკვეთრი გაუარესების საშიშროების წინაშე აღმოჩენილმა აჭარლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, თამაშის გადასარჩენად გაიწიეს და ანგარიშში თანაფარდობა საკმაოდ მალე აღადგინეს - 59-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ტატო აბუსელიძემ აქცია...

 

მატჩის დასკვნითი ნაწილი უფრო აქტიურად მასპინძლებმა ჩაატარეს. ზესტაფონელთა მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც 85-ე წუთზე "ბოლო იმედის" ჯარიმის გამო მოედნიდან გააძევეს სტუმართა მცველი ავთანდილ სირაძე. ამის მიუხედავად, მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მარგველებმა მათთვის ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნება მაინც მოახერხეს - ფრე 1-1.

 

22.06.2021. ”ბეთლემი” (ქედა) - ”ზესტაფონი” 1-1

"ზესტაფონი": მიქავა, ხუჯაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, კაკუშაძე, გრიგალაშვილი (სირაძე, 60), გოგიჩაიშვილი (გაჩეჩილაძე, 60), საღარეიშვილი, ამბროლაძე (მოსიძე, 89), ნანობაშვილი (სამხარაძე, 77), ხმელიძე.

დაწვრილებით:

 

საზაფხულო პაუზამდე გასამართ ბოლო შეხვედრას "ზესტაფონი" ზუსტად ერთ კვირაში გამართავს - 29 ივნისს ეროვნული ლიგა-4-ს მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები "თეთრი ჯგუფის" ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. დედაქალაქელებთან მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021