Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.07.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": ზუსტად 10 წლის წინ!
წარმატებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

 

 

 

 

 

 

დღეს ჩვენი გვერდი მარგველთა მიერ ზუსტად 10 წლის წინ უეფას უმთავრესი საკლუბო ტურნირის ეგიდით გამართულ სადებიუტო მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოლდოვურ "დაჩიას” უმასპინძლა...

 

გთავაზობთ სპორტული გამოცემა "მსოფლიო სპორტის" პუბლიკაციას, რომელიც ამ მატჩს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"კიდევ ერთი ქალაქი შეემატა უეფას ჩემპიონთა ლიგის გეოგრაფიას. 30-ათასიან ზესტაფონს (სოფლების ჩათვლით ამ რაიონში 78 ათასი მცხოვრებია) ლიგის ჰიმნის “ცოცხლად” მოსმენის ბედნიერება ხვდა წილად. ერთია დებიუტი, მეორე კი - როგორი?! ქართველი მაყურებელი განებივრებული არაა, ქართული გუნდის ასეთი კარგი თამაშის ცქერით.

 

“ზესტაფონმა”, უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო საევროტურნირო პაექრობა აჩვენა და ისიც, როდის? - ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში.


კლასის, ოსტატობის და იღბლის ერთობლიობამ, საქართველოს ჩემპიონს მოლდოველი “კოლეგა” უშანსოდ დაატოვებინა. საკუთარ თავში ზედმეტად დაჯერებულები რომ ჩანდნენ მეტოქეები, ეს მწვრთნელ-ფეხბურთელთა მატჩისწინა განწყობამაც დაადასტურა. ლეგიონერთა (თუნდაც, არცთუ იაფფასიანების) სიმრავლე, წარმატების უპირობო საწინდარი რომ არაა, “ზესტაფონმა” გუშინ დაამტკიცა. სასიხარულოა, რომ 2 ჩერნოგორიელი, თითო სერბი, ქართველი, რუმინელი, მაკედონიელი და რუსი (ამათ სერბი ატანაცკოვიჩის შემცვლელი, ტოგოელი განაპირა მცველიც დაუმატეთ), 11 ქართველისთვის ვერაფერი წინაღობა გამოდგა.


იმერლები არცთუ სტუმართმოყვრულად მოიქცნენ, თუმცა ამისთვის მათ ვერავინ დაძრახავს. ალბათ, დიდხანს ემახსოვრებათ სტუმრებს კოშმარული პირველი ტაიმი, რომლის მსვლელობისას, ის მაყურებელიც სასიამოვნო ბურანში გრძნობდა თავს, რომელიც გოლის გოლზე ასეთ სტილში მიყოლებას, კარგა ხანს არ იჯერებდა.


მიგვაჩნია, რომ სათაურად გამოტანილი ფრაზა, გადამეტებული ნათქვამი არაა. თუ როდესმე ამართლებდა მოლდოვური კლუბი, სულ სხვა კონტექსტში დარქმეული სახელის (“დაჩია”) ქართულ გარემოებასთან (დაჩიავებული) “დანათესავებას”, ეს ალბათ პირველი ტაიმის მე-40 წუთი იყო. ამ დროს, ყოფილმა დაჩიელმა ჯაბა დვალმა, აუტიდან მოწოდებული ბურთი, რუმინელ კაპიტან დობრეს ჯერ თავზე გადაუგდო, მერე კი ძირს დაუშვებლად დაჰკრა და 3:0 გახადა.


მშვენიერ, ნამდვილად საფეხბურთო გარემოში “ჩაფლულ” მოედანზე, ამ დროისათვის ერთი ბატონი იყო და მას “ზესტაფონი” ერქვა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს პირველ ტაიმში საგოლე მომენტი არ გაუცუდებია - კარის ჩარჩოში სამჯერ მოახვედრა და სამივეჯერ მიზანს უწია. მეტოქეს რაც შეეხება, მე-14-დან მე-40 წუთამდე რომ დემორალიზებული იყო, იქიდანაც ჩანს - ამ შუალედში კვასხვაძის კარისკენ მხოლოდ მიხალიოვმა დაარტყა და ისიც არაზუსტად.


ქართველთა მხრიდან საუკეთესო ჯაბა დვალს კიდევ ერთი გაბრწყინება 23-ე წუთზე ჰქონდა. ბურთმა მანამდე, ხიდეშელის გრძელი გადაცემითა და კოჟოკარის რიკოშეტით მიაღწია. ფორვარდი მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა, გზად გამეზარდაშვილი “მოტეხა” და გაიდუჩევიჩისაგან მარცხენა “ცხრიანში” აუღებელი დაარტყა.


ჩემპიონთა ლიგაზე გუნდისა და პირადი ანგარიშის გახსნა კი, ბოლო წლებში “ზესტაფონისა” და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ ნიკა გელაშვილმა ითავა. თორნიკე აფციაურთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გელაშვილი საჯარიმოში წამით აღმოჩნდა უმეთვალყურეოდ და თანამემამულე გამეზარდაშვილის თავგანწირული ვარდნის მიუხედავად, მაინც შეძლო მოლდოველთა კიპერის “დაშამათება”. ეს შეხვედრის მე-14 წუთზე მოხდა.


პირველში მიღწეულის მეორე ტაიმში შენარჩუნება, უკვე ტექნიკის ამბავი იყო. “ზესტაფონმა” ისე ითამაშა, როგორც გეგუჩაძემ დაარიგა და ამით არც არაფერი წაუგია. ქართველები, მეტწილად შეტევაში მყოფი სტუმრების დასასჯელად, უკანმოუხედავად წინ წასვლას თავს არიდებდნენ. ამის მიუხედავადაც, დაჩიელები პოზიციურ შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეტად ვეღარ შეძლეს მათი მოსუსტებული დაცვის გოლით გარღვევა.


თავიდანვე თადარიგში მყოფი ტოგოელი მარცხენა მცველი მამახის შეხვედრაში ჩართვამ, დობროვოლსკის ცოტათი დამშვიდების საშუალება მისცა, მაგრამ ერთხელ ვერც იგი გაუმკლავდა გრიგალაშვილის სოლო-რეიდს. 84-ე წუთზე, შოთა “დაჩიას” საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, გზად აფრიკელის ჩამოტოვება შეძლო და დვალს უპასა. ამ უკანასკნელს, ჰეთ-თრიქამდე ბურთისთვის საგოლედ ფეხის მორტყმა დააკლდა.


მოლდოველთა შეტევებს, მცირედი სიმწვავე მინდორზე დედოვის შემოსვლამ შესძინა, მაგრამ ისიც მხოლოდ კარისკენ დარტყმებით შემოიფარგლა - მარცხნიდან მოაქტიურე 21 წლის ფორვარდმა, 54-ე წუთზე კვასხვაძის დაცულ კარის ბადეს ბურთი გარედან მოარტყა, ათიოდე წუთში კი მისგან იგივე პოზიციიდან დარტყმული, უფრო დიდი მანძილით ასცდა კარს.


დვალმა, კი მართალია, მეორე ტაიმში გოლი ვეღარ გაიტანა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა, მოლდოველთა დაცვას ისეთი ფინტების “ფეიერვერკი” ჩაუტარა, სტუმრებსაც კარგა ხანს ემახსოვრებათ და მასპინძლებსაც"...

 

ამ პუბლიკაციის გარდა, ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური "ზესტაფონი"-"დაჩიას" მატჩისადმი მიძღვნილ სხვა სპორტულ გაზეთში ("ლელოსა" და "ოლიმპში") გამოქვეყნებულ სტატიებს, ამ შეხვედრის სრულ ვიდეოჩანაწერსა და ტელეკომპანია "რუსთავი-2-ს" ეთერში გასულ სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

13.07.2011. ”ზესტაფონი” - ”დაჩია” (კიშინიოვი, მოლდოვა) - 3-0

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021