Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.09.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" ზედა ათეულის საგზური გაინაღდა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სეზონის მეორე ნაწილის სასტარტო მატჩი გამართა - დაბა განმუხურში გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ს ესტუმრნენ.

 

სეზონის მეორე ნაწილის სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელებს უშუალო კონკურენტთან, ზუგდიდის "ოდიში-1919"-თან მოუხდათ ასპარეზობა. განმუხურის სტადიონზე გამართული დაპირისპირების წინ ორივე კოლექტივს სატურნირო ცხრილში 29-29 ჩასათვლელი ბალი ჰქონდა და გუნდები მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებდნენ.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა შეტევების აკომპანემენტით წარიმართა და უკვე მე-17 წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში ზესტაფონელთა ფორვარდის ვანო წილოსანის წაქცევის გამო, დაინიშნა 11-მეტრიანი დარტყმა, რომელიც გოლად მისმა თანაგუნდელმა გიგა ამბროლაძემ აქცია. ამის შემდეგ რამდენიმე ეპიზოდში სტუმრებს საკუთარი უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდაც მართებდათ, თუმცა ტაიმი მათი მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიშში ზემოიმერელთა უპირატესობა მაინც გაიზარდა ორ ბურთამდე - შეხვედრის 57-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა შემადგენლობაში თავის პირადი მონაგარი 9 გატანილ გოლამდე გაზარდა.

 

საბოლოოდ. მატჩი ზესტაფონელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს გამართული მატჩების შედეგების გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა, საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, გაინაღდა მეორე ეტაპზე ზედა ათეულში ასპარეზობის უფლება.

 

14.09.2021. ”ოდიში-1919” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 0-2

"ზესტაფონი": ასათიანი, კაკუშაძე (სირაძე, 69), ნიკოლაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გრიგალაშვილი, საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი, გოგუაძე (ჭანტურია, 58), ამბროლაძე, წილოსანი (წამალაშვილი, 88).

დაწვრილებით:

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" 19 სექტემბერს გამართავს - ეროვნული ლიგა-4-ს მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ჭყოროწყუს საფეხბურთო კლუბ "სამეგრელოს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021