25.10.2021 
              
            
            
            
            
            
            
            
          მეტოქე - ძველი ნაცნობი ბორჯომელები  
            
            
            
            
            
            
          
            
                | 
             
            
              
                  საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" 
                | 
             
           
          
           ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს   „ზედა  ჯგუფის“ ტურნირის    მორიგ მატჩს გამართავს -     ამ დღეს  ჩვენი გუნდი მცხეთას ეწვევა და ადგილობრივ "მცხეთა-პარკზე" საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომს” დაუპირისპირდება.  
            
           საფეხბურთო  კლუბების "ბორჯომისა" და  "ზესტაფონის" დაპირისპირებათა ისტორია   2005-2006 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის ტურნირიდან  იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები თავიდან მეტად პრინციპული ხასიათისა გახლდათ და ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობდა...     
            
            უმაღლესი ლიგის ტურნირში გამართული პირველი შეხვედრა თბილისის "ასკ"-ს სტადიონზე 2005 წლის 20 სექტემბერს გაიმართა და ბორჯომელთა    ერთადერთი, მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა. 2005-2006 წლების სეზონში ზესტაფონში გამართულ საპასუხო მატჩში კი უგოლო ფრე 0-0 დაფიქსირდა...   
            
           ამის შემდეგ  სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა -  2006-2007 წლების სეზონში მარგველებმა ორივე შეხვედრაში დაამარცხეს (4-0 და 2-1) ოპონენტი, რასაც  მომდევნო,  2007-2008 სეზონში მოპოვებული კიდევ 2 გამარჯვება (1-0 და 2-0) მიაყოლეს და  მეტოქესთან პირად შეხვედრებში დადებითი ბალანსი შეიქმნეს.  
            
          2008-2009 წლების სეზონში გუნდები ერთმანეთს სამჯერ ეპაექრნენ. ბორჯომში ნათამაშებ ფრეს 1-1 იმერლებმა შინ მოპოვებული მინიმალური  გამარჯვება 1-0 მოაყოლეს. ზესტაფონელთა და ბორჯომელთა სადღეისოდ ბოლო  შეხვედრაც, რომელსაც 2009 წლის 3 მაისს ბორჯომმა უმასპინძლა, ნიკოლოზ გელაშვილის ჰეთ-თრიკის წყალობით, იმერელთა  გამარჯვებით ანგარიშით 3-1 დასრულდა.   
            
          სულ,  ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის შეხვედრებში,  "ზესტაფონსა" და  "ბორჯომს" ერთმანეთთან 9-ჯერ უასპარეზიათ. აქედან  6   შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 2 მატჩი  დასრულდა ფრედ, 1-ხელაც    მოიგეს  ბორჯომელებმა.   გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი გახლავთ 14:4   იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.  
            
           რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ ბორჯომელთა და მარგველთა გზები    ერთადერთხელ გადაიკვეთა -    თასის  2006-2007 წლების გათამაშების მეოთხედფინალში ზესტაფონელებმა ორი მატჩის ჯამში (2-1 და 1-1) დაამარცხეს მეტოქე...  
            
          შესაბამისად, ჯამში ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია სადღეისოდ 11  შეხვედრას ითვლის, რომელთაგან იმერლებმა 7  მოიგეს, 3-ჯერ დაფიქსირდა ფრე, ბორჯომელთა აქტივს კი 1 გამარჯვება შეემატა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 17:6  ზესტაფონელთა სასარგებლოდ.  
            
            საინტერესოა    ის გარემოებაც, რომ  "ბორჯომის" კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - იმერული კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ოპონეტთა კარის ბადე 4-ჯერ აქვს შერხეული. 3  გატანილი გოლი კი გაგა  ჩხეტიანის     ანგარიშზეა...  
            
           საფეხბურთო კლუბ "ბორჯომთან" "მცხეთა-პარკზე"   27  ოქტომბერს გასამართი  შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება... 
            
                    
            |