Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.12.2022

 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთი "ლელოს" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

ფეხბურთში არსებობს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო დამთხვევები. ასე მოხდა ამჯერადაც - ლიგა 3-დან გავარდნენ და რანგით მეოთხე ლიგაში ითამაშებენ "ზესტაფონი" და საჩხერის "ჩიხურა"...

ეს იმხელა მასშტაბის მოვლენაა ქართულ საკლუბო ფეხბურთში და ისეთ კლუბებს ეხება, რომ აუცილებლად ეკუთვნის ერთი ვრცელი წერილი. მით უმეტეს, ორივე გუნდი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი გულშემატკივარით, თვითმყოფადი სათამაშო სტილითა და წარმატებებით...

 

დავიწყოთ "ზესტაფონით", როგორც უფრო ტიტულოვანი კლუბით. მარგველებს წლების განმავლობაში ეჭირათ თავიანთი ნიშა ქართულ ფეხბურთში. 2003 წელს დაარსებულმა კლუბმა ყველა ქართული ტიტულის მოგება მოახერხა - ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოიგო თასი, ორჯერ - სუპერთასი, ასევე, სხვადასხვა სინჯის მედლები.

 

"ზესტაფონის" დაარსება და მისი წარმატებები ილია კოკაიას სახელთან იყო ასოცირებული. წლების განმავლობაში სწორედ მისი მეოხებით იყო იმერული კლუბი საქართველოში - გამორჩეული.

 

მერე იყო პატარა პაუზა. ბევრზე გამწყრალი კოკაია უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გაჩერდა, ისევ მობრუნდა, ისევ გადაწყვიტა გუნდის პატრონობა და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ზესტაფობში აჟღერება, მაგრამ... ამ წუთისოფელს, აბა, რას გაუგებ. ერთ ავბედით დღეს დადგა სიკვდილი და "ზესტაფონისთვისაც" დრო გაჩერდა.

 

არადა, რამდენი სიხარული აჩუქა სხვადასხვა დროს "ზესტაფონმა" თავის ერთგულ გულშემატკივარს - დაუვიწყარი თამაშები ქართულ და ევროპულ ასპარეზზე. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი გავიხსენოთ. თუნდაც, ბელგიურ "ბრიუგესთან" თბილისური მატჩი რომ ავიღოთ, საყოველთაო შეფასებით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რომელიც ქართულ კლუბებს ევროასპარეზზე ჩაუტარებიათ დამოუკიდებლობის პერიოდში...

 

გარდა ამისა, გამოსარჩევია მატჩები მოლდოვურ "დაჩიასთან", სლოვაკურ "ბანსკა ბისტრიცასთან", შვედურ "ჰელსინგბორგთან", რომლის ღირსებასაც მაშინ ჰენრიკ ლარსონი იცავდა...

 

საჩხერის "ჩიხურა" ერთი თვითმყოფადი და ნათელი წერტილი იყო ქართულ საკლუბო ფეხბურთში. მართალია, საჩხერული კლუბი საქართველოს ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ ქართული ტიტულები არ მოჰკლებია. საერთაშორისო ასპარეზზე "ჩიხურამ" არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. რად ღირს თუნდაც თურქული "ბურსასფორისა" და იერუსალიმის "ბეითარის" ძლევა.

 

"ბურსასფორთან" შეხვედრაში "ჩიხურამ" ნამდვილი საფეხბურთო სასწაული მოახდინა. ყველამ ვიცით, რა ფული იდება თურქულ საკლუბო ფეხბურთში. ასე იყო ამ რამდენიმე წლის წინაც. საჩხერულმა კლუბმა კი ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და ორმატჩიან დუელში აჯობა შესანიშნავად დაკომპლექტებულ მოწინააღმდეგეს. თანაც, თბილისურ შეხვედრაში, 11-მეტრიანების სერიაში, რომელიც ემოციებით უზომოდ დატვირთული გამოდგა...

 

თანდათან "ჩიხურას" მიმართ ყურადღებამ იკლო. გუნდი ჯერ უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მერე კი ქართული საკლუბო ფეხბურთის დაღმართში თავბრუდამხვევი სისწრაფით დაეშვა და... აგერ, მეოთხე ლიგამდეც მივიდა.

 

მოდით, ახლა ასე დავსვათ კითხვა: რას ნიშნავს ფეხბურთი ზესტაფონისა და საჩხერისთვის? როგორც ამ ორი ქალაქის საფეხბურთო ცხოვრებაში კარგად ჩახედულს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავწერო - ძალიან ბევრს ნიშნავს! "ზესტაფონსა" და "ჩიხურას" ჰყავს ბევრი გულშემატკივარი, ორივე გუნდი არის საერთო-სახალხო სიხარულის საგანი და მათ არსებობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააგრძელონ.

 

როგორც ზესტაფონს, ისე საჩხერეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ჰყავს ბევრი ბიზნესმენი. ბოლოს და ბოლოს, ამ რაიონების პოტენციალი მდიდარია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზესტაფონში ფუნქციონირებს ფეროშენადნობთა ქარხანა, რომლის შემოსავლიდან ქალაქს ბევრი არაფერი რჩება.

 

"ფერო" წლების განმავლობაში იყო "ზესტაფონის" სპონსორი. ნუთუ, არ შეიძლება, რომ იგივე ახლაც გაგრძელდეს? ვფიქრობთ, ეს ქარხნის ბიუჯეტს ნამდვილად არ "დააქცევს". იგივე შეიძლება ითქვას ფონდ "ქართუზე", რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავდა "ჩიხურას" უკეთესი მომავლისთვის...

 

ის კი არა, ორივე შემთხვევაში ყველანაირი საშუალება არსებობს საიმისოდ, რომ ამ ქალაქებში საშუალო ევროპული დონის გუნდი მაინც გაკეთდეს, მაგრამ ამას ვინ ჩივის, საქართველოს დონეზე კონკურენტუნარიანი კლუბებიც კი ვეღარ არიან "ზესტაფონი" და "ჩიხურა".

 

არადა, ზუსტად ესაა სახალხო "შეკვეთა", რომლითაც შეიძლება ადამიანების გულის მოგება. ცაკლე თემაა ამ ქალაქების წარმომადგენელი ბიზნესმენები, რომლებმაც უნდა გამოიჩინონ შესაბამისი ინიციატივა, რომელიც, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, არ ჩანს.

 

არადა, განსაკუთრებით ზესტაფონში, არის საქართველოს მასშტაბით თითქმის უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ძლიერი გუნდი. არის ბაზა, სადაც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მინდორია და იმ ბაზაზე დასამთავრებელი მხოლოდ სასტუმროა.

 

ფაქტი კი ისაა, რომ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ძველებურად მყარად ფეხზე იმადაც ვეღარ დგას, რომ "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" ადგილზე დღეს დიდწილად თავისუფალი ადგილებია დარჩენილი...

სპორტული გაზეთი "ლელო"

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022