Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრა

"ზესტაფონმა" გამარჯვების გემო გაიხსენა

 

 

 

 

2023 წლის 4-5 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირმა. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საჩხერის მახლობლად მდებარე სოფელ ივანწმინდის სტადიონზე გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუპირისპირდა.

 

წლების წინ საჩხერის "ჩიხურასა" და "ზესტაფონს" ერთმანეთში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგასა და თასის გათამაშებაში ჩაუტარებიათ. დღესდღეობით კი მრავალი სხვადასხვა ტიტულისა და რეგალიის მფლობელი ორივე კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში ასპარეზობს...

 

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის საფეხბურთო სეზონი, როგორც ზესტაფონელებისათვის, ასევე საჩხერელთათვის, წარუმატებელი გამოდგა. ორივე კოლექტივმა არაერთი სირთულე და "ქარტეხილი" გამოიარა, სეზონი მძიმედ განვლო, შარშანდელი ტურნირი აუტსაიდერთა სამეულში დაასრულა და ეროვნულ ლიგა 3-ში ადგილების შენარჩუნება მხოლოდ სალიცენზიო მოთხოვნების შესრულებისადმი შესაბამისი დამოკიდებულების ხარჯზე მოახერხა.

 

ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე გუნდის რიგებში ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა და საბოლოოდ, "ჩიხურაც" და "ზესტაფონიც" ახალ სეზონს საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობებით შეეგება. საინტერესოა ისიც, რომ "ძველ ნაცნობთა" მორიგი დაპირისპირება, შარშანდელის მსგავსად, სწორედ ახალი სეზონის სასტარტო ტურში მოხდა...

 

მატჩის სადებიუტო ნაწილში უფრო მეტად სტუმრები აქტიურობდნენ. ზესტაფონელები ბურთსაც აკონტროლებდნენ და გატანის შანსებიც მიეცათ - საჩხერელთა კიპერმა დავით ასათიანმა სტუმართა ნახევარმცველის შალვა ცქიფურიშვილის ძლიერად გასროლილი მოიგერია, შემდეგ კი ზაალ ზუზაძის დარტყმული არაზუსტი გამოდგა...

 

მასპინძლებმა სასტარტო მღელვარების დაძლევა მხოლოდ პირველი ტაიმის შუაწელისკენ მოახერხეს და ამის შემდეგ სტუმართა კარის მიმართულებით რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს. განსაკუთრებით სახიფათო გახლდათ ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს მისადგომებიდან საჩხერელთა მიერ დარტყმული, რომელსაც "ზესტაფონის" გოლკიპერი შოთა იგითხანიანი ოსტატურად გაუმკლავდა. ტაიმის მიწურულს საკუთარი გუნდის დაწინაურება ჩვენი გუნდის ახალწვეულს, ამერიკელ ადებოვალე სიმონს მართებდა, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში მოედანზე არსებული სურათი მკვეთრად შეიცვალა - ამ ჯერზე უფრო აქტიურები მასპინძლები იყვნენ და "ზესტაფონის" კარის მიმართულებით ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მეტად მწვავე იერიშიც განახორციელეს. საჩხერელთა გააქტიურებას სტუმრები საპასუხო კონტრშეტევებით პასუხობდნენ..

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტუმართა გუნდის კარის მცველის შოთა იგითხანიანის კარგი ასპარეზობა - მან რამდენიმე ეპიზოდში ძალიან დამაჯერებლად და თავგანწირვითაც კი ითამაშა და საკუთარი გუნდი სერიოზულ უსიამოვნებებს გადაარჩინა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი, რა თქმა უნდა, გახლდათ მატჩის 62-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი, როდესაც ზესტაფონელთა კიპერმა საჩერელ რამინ გულუას 11-მეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა.

 

მდინარე ყვირილის პირას მდებარე ორი ქალაქის გუნდების დაპირისპირების კულმინაცია კი მატჩის მიწურულს დადგა - 82-ე წუთზე, სტუმართა ნახევარმცველის შოთა ანდრიაძის წაქცევის გამო, "ჩიხურას" საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა და გამოცდილმა შალვა ცქიფურიშვილმა "ზესტაფონისათვის" გამარჯვების მომტანი გოლი ოსტატურად შესრულებული დარტყმით გაიტანა.

 

დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა. "ზესტაფონის" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ანგარიშით 1-0.

 

05.04.2023. ”ჩიხურა” (საჩხერე) - ”ზესტაფონი” 0-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე, გიგოლაშვილი, დევდარიანი, ლ. ფუტკარაძე, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, შენგელია (ანდრიაძე, 68), კუჭაშვილი (სადაღაშვილი, 88), ზუზაძე (სათირიშვილი, 76), ადებოვალე (შალამბერიძე, 88).

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 12 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეორე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023