12.05.2023 
              
            
            
            
            
            
            
            
          "ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამოეთიშა  
            
            
            
            
            
           2023 წლის 12 მაისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს  ეროვნული თასის  XXXIV გათამაშებას გამოეთიშა  -      გარდაბნის ცენტრალურ სტადიონზე იმერლები  ეროვნული ლიგა 4-ს წარმომადგენელ  ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან  დამარცხდნენ...  
            
            გეტყვით იმას, რომ   დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს  ეროვნული თასის  გათამაშებაში ზესტაფონელები   მე-17-ედ მონაწილეობდნენ. საინტერესოა, რომ წინა 16 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების  გათამაშებაში,  თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებებს,   თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 8-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...  
            
           სადღეისოდ     საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის  საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში   გამართული აქვს 83  მატჩი, რომელთაგან 47 დასრულდა მარგველთა  გამარჯვებით, 17  შეხვედრა დასრულდა ფრედ, 19-ჯერ კი  ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 151-74 ზემოიმერელთა  სასარგებლოდ. 
            
          ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში მარგველებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. ასევე 4 დაპირისპირებას ითვლის იმერელთა სათასო დაპირისპირებათა ისტორია  ბათუმის "დინამოსთან", იმ განსხვავებით, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისურ "ამერთან",  "ვიტ-ჯორჯიასთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).  
            
           აუცილებლად  უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ -  საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო  ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 7-ჯერ აქვს შერხეული.  
            
           რაც შეეხება  "გარდაბანთან" გამართულ  შეხვედრას, ის   ქვემოქართლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა...  
            
          
            
                | 
             
            
              16.05.2008. სწორედ ამ დღეს   "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს  ეროვნულ თასს დაეუფლა   | 
             
            |