Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.10.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა ზედიზედ მესამე ფრე

 

 

 

 

 

2023 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეერთე ტურის შეხვედრები - ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის სტადიონზე ადგილობრივი "ბახმარო" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დაუპირისპირდა.

 

ზესტაფონელებს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები არც დღევანდელ შეხვედრაში დაჰკლებიათ - იმერულ გუნდს ტრავმირებული ლუკა დევდარიანი და დისკვალიფიცირებული ლუკა სიგუა და სანდრო სათირიშვილი ვერ დაეხმარნენ... კარგი ამბავი კი ის გახლდათ, რომ თითქმის ექვსწლიანი პაუზის შემდეგ "ზესტაფონის" მაისურით ითამაშა ჩვენი გუნდის აღზრდილმა და ქართულ ფეხბურთში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილმა ფორვარდმა შოთა შეყილაძემ...

 

შეხვედრის პირველმა ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. სტუმართა შეტევის ხაზი საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა და ამან შედეგი 28-ე წუთზე გამოიღო - ლაშა კუჭაშვილის მიერ შესრულებული სტანდარტის შემდეგ ჩოხატაურელთა საჯარიმოში ყველას ნიკა ხელიძემ დაასწრო და ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში ოსტატური თავური დარტყმით გაახვია... ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 0-1 დასრულდა....

 

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და საბოლოოდ, მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს კიდეც - 71-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში წესის დარღვევისათვის სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ექს-ზესტაფონელმა ვანო წილოსანმა მშვიდად აქცია.

 

დარჩენილ დროში მხარეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ზემოიმერულმა გუნდმა ფრედ ზედიზედ მესამე შეხვედრა, ამჯერად ანგარიშით 1:1 დაასრულა. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ჩოხატაურში მოპოვებული ქულის წყალობით, მეორე წრის დასაწყისში გამოვლილი წარუმატებელი სერიის შემდეგ, მარგველებმა ისევ დააღწიეს თავი გასავარდნ ზონას...

* * *

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 12 ოქტომბერს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში მარგველები ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:30 საათზე დაიწყება...

 

05.10.2023. ”ბახმარო” (ჩოხატაური) - ”ზესტაფონი” 1-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე, ქვარცხავა, მჟავანაძე, ხუჯაძე, თავაძე, ანდრიაძე, სამხარაძე, კუჭაშვილი, ხელიძე (ცქიფურიშვილი, 54), შეყილაძე (ზუზაძე, 77).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023