Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთი "ლელოს" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში თბილისის "დინამოს" დიღმის საწვრთნელი ბაზა დანიშნულების გარეშე დარჩეს. ამის თაობაზე პოზიცია გამოხატეს ჩვენმა სასიქადულო ვეტერანებმა, ქალაქის ხელმძღვანელებმა, გულშემატკივრებმა, მედიამ... ცხადია, დიღმის საწვრთნელი ბაზა არ არის მხოლოდ ბაზა და ის გაცილებით ღირებული რამაა ქართული ფეხბურთისთვის...

 

ისიც ცხადია, რომ რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება-შენარჩუნების გარეშე ჩვენს ფეხბურთს მომავალი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ წავუყრუებთ იმ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი...

 

სულ ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის " მფლობელებთან შეხვედრისას, პიროვნებათა ჯგუფმა ასეთი იდეა წამოჭრა - გვსურს, ქალაქის მთავარი სპორტული არენა ჩვენს ხელში გადმოვიდეს, ოღონს კომერციული მიზნებისთვისო. ადვილი გამოსაცნობია, რა დგას ამ ინიციატივის უკან და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, რომ არა კლუბის მფლობელთა მკვეთრი, სამართლიანი და ძალიან ხისტი პოზიცია.

 

მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველკაცის, ილია კოკაიას გარდაცვალების შემდეგ ქალაქის მთავარი სპორტული არენა (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი), ისევე, როგორც კლუბი და მთელი მისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ილია კოკაიას ოჯახის განკარგულებაშია.

 

ჰოდა, აფერუმ მათ, რომ ამ "ინიციატივას" შესაბამისი პასუხი გასცეს. მეტიც, პირდაპირ უთხრეს ზესტაფონური ფეხბურთის "კეთილის" მსურველს, რომ მსგავს ინიციატივას პერპექტივა არ აქვს და რომ ეს საკითხი სამომავლოდ აღარ უნდა იყოს განხილული.

საიდუმლო არავისთვისაა - ზესტაფონისათვის ეს სტადიონი მხოლოდ სტადიონი არ არის, ის თაობებისთვის საოცნებო ადგილი, სპორტული მექაა! ამ სტადიონზე გაიზარდა ბევრი თაობა, გულშემატკივარს კი არაერთი დაუვიწყარი მატჩი უხილავს როგორც საბჭოთა, ისე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში.

 

დიდი იმედი გვაქვს, ამ თემას გაგრძელება აღარ მოჰყვება. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ილია კოკაიას ოჯახმა ასეთი პრინციპული პოზიცია დაიკავა, მაგრამ მაინც გულსატკენია - დასხდებიან მერე ეს ადამიანები სუფრასთან და დიდი ყანწით დალევენ საქართველოსა და მშობლიური ზესტაფონის სადღეგრძელოს.

 

პრევენციისთვის, ამ ეტაპზე ეს წერილიც საკმარისად მიგვაჩნია. თუ მაინც არ მოისვენებენ და თავიანთ ზრახვებს არ დაიოკებენ, გავაგრძელებთ ჟურნალისტურ მოკვლევას და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მივაწვდით შექმნილი სიტუაციის თაობაზე.

საინტერესოა, რატომ ჰგონია მავანს, რომ გულშემატკივარი იოლად შეელევა იმას, რასაც მის წარმოდგენაში საუკეთესო მოგონებები უკავშირდება, იმას, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი და სათუთია?!

 

ზესტაფონელ გულშემატკივარს თავისი ნიშა უჭირავს ქართულ საფეხბურთო პირამიდაში. ის მომთმენია, მისგან შორსაა აგრესია და ნიუანსებში იცის ფეხბურთი, მაგრამ ამავე დროს ის სამართლიანიცაა და ვერ დაუშვებს იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს სტადიონის ადგილზე... სტადიონი აღარ იყოს!

 

დევი ლანდია, სპორტული გაზეთი "ლელო"

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024