Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.03.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 მარტს სტარტი აიღო საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირმა. გრიგოლ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონზე გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში "ზესტაფონი" თბილისის საფეხბურთო კლუბ "ორბის" დაუპირისპირდა.

 

მატჩის დაწყებას წინ ძალიან სასიამოვნო ღონისძიებათა მთელი წყება უძღოდა - თავიდან სტადიონზე მოსული პუბლიკა ჯგუფ "რეზო და ბავშვების" მიერ წარმოდგენილმა საკონცერტო პროგრამამ გაახურა, შემდეგ MMA-ს ხაშურელმა მებრძოლმა მიხეილ საჟინიანმა თანაქალაქელ გულშემატკივარს GFC-ის საჩემპიონო ქამარი წარუდგინა, უშუალოდ სასტარტო სასტვენის წინ კი სტადიონის თავზე საქართველოს სახელმწიფო დროშაც აფრიალდა და ეროვნული ჰიმნიც საზეიმოდ შესრულდა...

 

დღევანდელი შეხვედრის მასპინძელი თბილისელები ახალი სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევიან - "ორბიმ" შარშანდელი შემადგენლობის ძირითადი ბირთვიც შეინარჩუნა (2023 წლის სეზონში თბილისელები "ირაოს" სახელით ასპარეზობდნენ) და რამდენიმე პოზიციაზე სათანადო გაძლიერებაც მოახერხა. გამომდინარე აქედან, სულაც არ იყო გასაკვირი ის, რომ მასპინძლები დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულის მოსაპოვებლად იყვნენ მომართულები.

 

მატჩის სასტარტო მონაკვეთი საკმაოდ მშვიდად წარიმართა - ზესტაფონელთა დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მასპინძლებს საკუთარი კარის სიახლოვეს რამე ღირებულის შექმნის საშუალებას არ აძლევდა. ანგარიში მხოლოდ ტაიმის მიწურულს გაიხსნა - 33-ე წუთზე თბილისელმა გიორგი ალიმბარაშვილმა ახლო მანძილიდან შესრულებული ეშმაკური დარტყმით მოახერხა სტუმართა კარის აღება...

 

რაც შეეხება მეორე ნახევარს, სეზონის სასტარტო მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, ორივე გუნდი ბევრს ნერვიულობდა, საკმაოდ ფრთხილობდა და ცდილობდა შეცდომების დაშვებისაგან თავის შეკავებას, თუმცა ბოლოსკენ თამაში მაინც გაიხსნა და, რა გასაკვირია, რომ სახიფათო მომენტების რაოდენობამაც მატჩის მიწურულს იმატა...

 

საბოლოოდ, შეხვედრის ბოლო წუთებში გაჩაღებულმა ღია ფეხბურთმა ხეირი მასპინძელ მხარეს მოუტანა - მატჩის ძირითადი დროისათვის არბიტრ თორნიკე ნაკაიძის მიერ კომპენსირებულ, 90+3-ე წუთზე "ორბიმ" შეასრულა სამაგალითო კონტრიერიში და თბილისური გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთმა საუკეთესომ, ვახო ბედოშვილმა დღევანდელ დაპირისპირებაში საბოლოო წერტილი დასვა - 2:0.

 

07.03.2023. ”ორბი” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, ანდრიაძე, მჟავანაძე, ბურჯანაძე, დევდარიანი, მეტრეველი (მპუნზანა, 66), სათირიშვილი, ბებიაშვილი, ვოსკანოვი (პაპავა, 84), წიქარიშვილი (ფუტკარაძე, 74), ზუზაძე (შალამბერიძე, 84).

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 14 მარტს გამართავს - საქართველოს XXXVI-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეორე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "იბერია-1999"-ს მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება...

 

გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ "ორბის" ოფიციალური youtube-არხის ვიდეომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024