Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.03.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე პირველ საშინაო შეხვედრაში

 

 

 

 

მიმდინარე წლის 14 მარტს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "იბერია-1999"-ს მეორე გუნდს უმასპინძლა...

 

იმერელთათვის ახალი სეზონის სადებიუტო საშინაო მატჩი მეტოქე გუნდებმა ერთგვარი დაზვერვით დაიწყეს - ზესტაფონელებიც და მათი სტუმარი თბილისელებიც მეტწილად ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებისაგან მაქსიმალურად იკავებდნენ თავს. ანგარიში კი 24-ე წუთზე გაიხსნა - სტუმართა სწრაფი იერიშისას მასპინძლებმა სახიფათო მდგომარეობა თითქოს განმუხტეს, თუმცა დამატებაზე გიორგი კაკულიას უზუსტეს შორეულ დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხეს...


სულ მალე, მას შემდეგ, რაც გიორგი ქუქალიამ ზესტაფონელებს "იბერიას" გოლკიპერთან პირისპირ დარჩენაში ხელით თამაშის მეშვეობით შეუშალა, თბილისელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მასპინძლებმა პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ბევრი იაქტიურეს და 44-ე წუთზე ზაალ ზუზაძემ, მცირე რიკოშეტის დახმარებით, ანგარიშში თანასწორობა აღადგინა...

 

ფიცხელი ბრძოლა შეხვედრის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. ბურთსა და ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი გუნდი ფლობდა, ხანაც მეორე, მეტოქე გუნდებმა ერთმანეთის კართან მომენტებიც მრავლად შექმნეს, თუმცა, პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა და დაძაბული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

14.03.2024. ”ზესტაფონი” - ”იბერია-1999”-2 (თბილისი) 1-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, ხუჯაძე, მჟავანაძე (წიქარიშვილი, 46), ბურჯანაძე, დევდარიანი, ფანცულაია, ვოსკანოვი, ანდრიაძე, სათირიშვილი, ბებიაშვილი, ზუზაძე (შალამბერიძე, 88).

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 20 მარტს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მესამე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "გორს" დაუპირისპირდება. ეს მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება…

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024